მსოფლიო
    2026-05-15 | 06:24

    დღეს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სხდომას გამართავენ

    დღეს მოლდოვაში ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ყოველწლიურ სხდომას გამართავენ

    ევროპის საბჭოს წევრი 46 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ყოველწლიურ სესიას გამართავენ, რომელსაც მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

    ევროპის საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრა იმართება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების, მრავალმხრივ თანამშრომლობაზე მზარდი ზეწოლისა და ევროპაში არსებული არასტაბილურობის ფონზე. მინისტრები ორგანიზაციის პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და სამომავლო მიმართულებებს განიხილავენ.

    დისკუსიის მთავარი თემები იქნება რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის ომისშემდგომი ანგარიშვალდებულებისა და აღდგენის საკითხები. ასევე განიხილება მიგრაციის მიმართულებით ევროპის საბჭოს საქმიანობა, 2025 წლის 10 დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ, რომელმაც ევროპული ერთიანი მიდგომის ამსახველი დეკლარაციის მიღებისკენ მოუწოდა.

    მინისტრები იმსჯელებენ ევროპის ახალი დემოკრატიული პაქტის საკითხზეც, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიშის გათვალისწინებით. შეხვედრის დღის წესრიგში იქნება ინფორმაციის მანიპულაცია და უცხოური ჩარევა, მათ შორის დემოკრატიული პროცესებისა და არჩევნების მთლიანობის დაცვა, ასევე დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების გზები.

    განხილვის კიდევ ერთი თემა იქნება ევროპის საბჭოს სამომავლო საგარეო სტრატეგია, როგორც ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი სტანდარტების განმსაზღვრელი და გეოპოლიტიკური მოთამაშის.

    მინისტრები ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეფექტიანი მრავალმხრივობის საკითხებზე, იმ პირობებში, როდესაც ეს მექანიზმები სერიოზული გამოწვევების წინაშეა.

    სესიის ფარგლებში მიღებული იქნება დამატებითი ოქმი დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების, ძებნის, დაყადაღებისა და კონფისკაციის, ასევე ტერორიზმის დაფინანსების შესახებ კონვენციასთან დაკავშირებით, რომელიც მოქმედ დოკუმენტს განაახლებს და შეავსებს.

    დაგეგმილია ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიაც, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებს ევროპის საბჭოს რამდენიმე ახალ კონვენციასთან მიერთების შესაძლებლობა ექნებათ.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოლდოვა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას მონაკოს გადასცემს.

    სესიის დასრულების შემდეგ, 15 მაისს პრესკონფერენცია გაიმართება, რომელშიც მოლდოვისა და მონაკოს საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მიიღებენ მონაწილეობას.