სოცმედია
    2026-05-17 | 20:28

    ძვირფასო პატრიარქო, ვფიქრობ, დღევანდელი თქვენი სიტყვა, სასოწარკვეთაში ჩააგდებდა ბევრ მორწმუნე ოჯახს - ქეთი მოლაშვილი

    ძვირფასო პატრიარქო, ვფიქრობ, დღევანდელი თქვენი სიტყვა, სასოწარკვეთაში ჩააგდებდა ბევრ მორწმუნე ოჯახს - ქეთი მოლაშვილი

    ქეთი მოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    ჩემი აზრით, სიტყვას აქვს ძალა, ძალიან დიდი ძალა, რადგან: "დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა" და მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქ შიოს, ილია II-ს ნახევარი სიტყვის ძალაც არ აქვს, არის საქართველოს პატრიარქი და იმ ქვეყანაში, სადაც 2012 წლიდან (მას შემდეგ, რაც ქ.ოცნება და ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას) 2024 წლამდე, 345 886 აბორტია გაკეთებული, თანაც ეს მხოლოდ ოფიციალური, საქსტატის მონაცემებია, დაახლოებით იმდენივე არაოფიციალური ან აბისმიერი თუ როგორც ქვია, ისეთი  აბორტი კეთდება ხოლმე და ქვეყანაში, სადაც ქ.ოცნების მმართველობის პირობებში, ნახევარ მილონზე მეტი აბორტია გაკეთებული, არ შეიძლება პატრიარქმა ასიათასობით ოჯახზე თქვას, რომ: "თუ ოჯახში ტრიალებს ისეთი მძიმე ცოდვა, როგორიც მაგალითად აბორტია, განწირულია ასეთი ოჯახი".
    და რას ნიშნავს განწირულია?
    რისგანაა განწირული?
    ვისგანაა განწირული?
    ვინ წირავს ამ ასიათასობით დედას?!
    ოჯახს?!
    არ შეიძლება უგუნურ ქ.ოცნების დეპუტატს დაუჯერო რომელიც იძახის, რომ თუ აბორტს ავკრძალავთ, გავმრავლდებითო.
    ძვირფასო პატრიარქო, ერში რომ უფრო მეტი სიკვდილიანობაა, ვიდრე შობადობა, აბორტის აკრძალვა,
    ამ გამოწვევას ვერ აღმოფხვრის.
    ერის შობადობა იმ შემთხვევაში გაიზრდება: თუ დედებს დეკრეტული ექნებათ არა 2 ან 6 თვე, არამედ 1 ან 2 წელი, თან ისე, რომ ხელფასი შეუნარჩუნდებათ; თუ მშობიარობა იქნება უფასო; თუ პამპერსები და ბავშვთა კვება, ისეთი ძვირი არ იქნება, რომ ოჯახები ფიზიკურად ვეღარ გაზრდიან ბავშვებს, რადგან ცეცხლის ფასი ექნება ყველაფერს; თუ ორსულობის პერიოდში, დაფინანსებული იქნება პირადი ექიმიც და ანალიზებიც, ყველანაირი მკურნალობა; თუ წახალისებული იქნება მეორე და მესამე ბავშვი არა სამარცხვინო ერთჯერადი 300 ან 500 ლარით, არამედ ყოველთვიური მხარდაჭერით, ბავშვის სრულწლოვან ასაკამდე; თუ ორსულთა და ბავშვთა ჰიგიენა იქნება ხელმისაწვდომი და არა ასტრალში გაქცეული ფასები; თუ პედიატრთან ვიზიტები იქნება სრულად დაფინანსებული და ჯიბეში ფულის ჩაჭყუნვა აღარ იქნება აუცილებელი; თუ ბავშვთა და დედათა წამლები, იქნება კაპიკებში და არა წამლის კომპანიასთან გარიგებული ექიმების გამო, კოლოსალურთანხიანი წამლები იტრიალებს ბაზარზე.
    ძვირფასო პატრიარქო, ვფიქრობ, დღევანდელი თქვენი სიტყვა, სასოწარკვეთაში ჩააგდებდა ბევრ მორწმუნე ოჯახს, იმიტომ, რომ გაუსაძლისი სიღარიბის გამო, ტაძრის მრევლიც იკეთებს აბორტს და ძვირფასო ქართველო ხალხო, რადგან პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი, რადგან იესო ქრისტე იყო ღმერთი, რომელიც სწორედ განწირულებისთვის დადიოდა კარდაკარ და სწორედ მათ უწვდიდა ხელს, რომ გადაერჩინა მათი სულები, რადგან მხსნელად მოევლინა ამ ქვეყანას, სწორედაც რომ განწირულებისთვის, რადგან ჯვარზე გაკრულმაც კი შეუნდო ცოდვები კაცობრიობას.
    გეტყვით, რომ გულში ლახვარივით თუ მოგხვდათ პატრიარქის ეს სიტყვები, ბიბლია წაიკითხეთ და მალამოსავით იქნება იესო ქრისტეს ცხოვრება.
    აბორტი მიუღებელია ყველასთვის, მით უმეტეს იმ ქალებს არ უნდათ საშინელი სტრესის, ტკივილის, შფოთის, ფსიქიური აშლილობის გამოვლა, რაც აბორტს ახლავს ხოლმე, არავის, არავის სურს აბორტი და ვისურვებდი პატრიარქს აქცენტი გაეკეთებინა ოჯახების ხელშეწყობაზე, ორსული დედების ხელშეწყობაზე, ბავშვების ხელშეწყობაზე და ასე ერთი ხელის აღებით, ამხელა დარტყმა არ მიეყენებინა ასიათასობით ქართველი ქალისთვის.
    კი, გავკადნიერდი და დავწერე, იმიტომ, რომ ეს არის სათქმელი ასიათასობით ქალის, რომელთა ხმა არ ისმის, ამიტომაც საკუთარ თავზე ავიღებ დარტყმებს იმისთვის, რომ დაგანახოთ სიმართლე, შიშველი სიმართლე, ვინძლო ქვეყანა ხრამში არ გადავჩეხოთ!“