სოცმედია
    2026-07-16 | 12:53

    რაღაც სტიგმად ჩამოყალიბდა მიხეილ სააკაშვილზე რამე კარგის თქმა, ამ კაცს სიტყვით თუ შეეწიე, ჩამორჩენილ ბაბუინად გთვლიან ლამის - ბექა კობახიძე

    რაღაც სტიგმად ჩამოყალიბდა მიხეილ სააკაშვილზე რამე კარგის თქმა, ამ კაცს სიტყვით თუ შეეწიე, ჩამორჩენილ ბაბუინად გთვლიან ლამის - ბექა კობახიძე

    ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

    “ეს ამბავი მგონი სადღაც მაქვს მოყოლილი, მაგრამ აქაც მინდა დავწერო:

    2004 წლამდე ამ ქვეყანაში თუ გინდოდა ისტორიკოსი გამხდარიყავი, მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ისტორიის ინსტიტუტში ან თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრაზე უნდა მოხვედრილიყავი. ამ წარმატებისთვის მთავარი არ იყო ვინ იყავი შენ და რისი გაკეთება შეგეძლო. მთავარი იყო კონიუქტურაში ჩამჯდარიყავი, "ბლატიანი" ხელმძღვანელი უნდა გეშოვა, რომელსაც მომეტებით შეუყვარდებოდი და "მოგკრიშავდა". თან, უმჯობესი იყო ეს ხელმძღვანელი ასაკიანი ყოფილიყო, რადგან ასაკიანს მეტი გავლენაც ჰქონდა და მისი ადგილის დასაკავებლად მთელი ცხოვრება არ გიწევდა ლოდინი.

    თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრაზე 1970-იანებიდან 2000-იან წლებამდე ახალი არავინ მიუღიათ, გარდა მარიკა ლორთქიფანიძის ვაჟისა. ტიტანითა და ბეტონით იყო გამაგრებული კლანი.

    მეცნიერებათა აკადემიის კვლევით ინსტიტუტებში ზუსტად ის მდგომარეობა იყო, რაც "ცისფერ მთებში" არის აღწერილი. მთავარი იყო იქ "პა ბლატუ" მოხვედრილიყავი და მერე გესვა ყავა, გეთამაშა ჭადრაკი. ინსტიტუტებს საბაზისო დაფინანსება ჰქონდათ, ბევრს იშრომებდი თუ ცოტას, დაფინანსება ერთი იყო.

    რასაკვირველია, როგორც ასფალტიდანაც ამოდის ბალახი, იქაც გამოერეოდა ხოლმე თითო-ოროლა წესიერი ადამიანი და მთელი ინსტიტუტი იმათ სახელს ეფარებოდა - "აი გიორგი მელიქიშვილი და დიდი ივანე..." დღემდე, 86 წლის წინ გარდაცვლილი ივანე ჯავახიშვილის სახელს რომ ეფარებიან ათასი ჯურის ჩაბუდებული კლანები.

    ამ რეალობაში, ჩემი ხასიათის კაცისთვის, მაქსიმუმი მიღწევა სკოლის მასწავლებლობა იქნებოდა, ისიც სადმე პერიფერიაში. რაც საჯარო ცხოვრებაში გამიკეთებია და თქვენც მოგწონებიათ, არაფერი ეს არ იქნებოდა - ჩემი წიგნი, სამაგისტრო პროგრამა, საგანმანათლებლო პოდკასტი, რომელსაც ათასობით ადამიანი უყურებს თუ ჩემი ნაწერები, რომლებსაც კითხულობენ. არაფერი ეს არ იქნებოდა.

    რა მოხდა და როგორ მოხდა? ნაცების ხელისუფლებაში არათუ რომელიმე მინისტრს ან მინისტრის მოადგილეს, არც ერთ სამმართველოს ან განყოფილების უფროსს არ ვიცნობდი. ამ ხალხმა მეცნიერებისთვის განკუთვნილი დაფინანსება გამოიტანა მეცნიერებათა აკადემიიდან და დააფუძნა რუსთაველის ფონდი. დაფინანსება არ იყო უპირობო, მისთვის უნდა გებრძოლა და მოგეპოვებინა - დაგეწერა პროექტი, ანონიმურად შეეფასებინათ ის უცხოელ და ქართველ ექსპერტებს, გაგემარჯვა და შემდეგ შედეგებზე ანგარიში ჩაგებარებინა. არავის უკანალში თავის ტაკება არ გჭირდებოდა, მხოლოდ შენი უნარი იყო ერთადერთი კრიტერიუმი. ამ გარემოში კოლექტიურ როინ მეტრეველსა და კოლექტიურ ბექა კობახიძეს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდათ.

    ამასთანავე, თსუ და ისტორიის ინსტიტუტი აღარ იყო თვითრეალიზების ერთადერთი ადგილი. გაიხსნა ილიაუნი, თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებლები. მონოპოლია აღარავის ჰქონდა.

    რა ქნა ბექა კობახიძემ? დავწერე პროექტები, გავიმარჯვე, მოვიარე მთელი ევროპა-ამერიკის საუკეთესო არქივები, ბიბლიოთეკები, უნივერსიტეტები, გავიცანი ჩემი სფეროს საუკეთესო სპეციალისტები, დავიცავი დისერტაცია და მერე დავიწყე ქვეყნისთვის "ვალის" უკან დაბრუნება ჩემი წიგნის, ტოპ დონის სამაგისტრო პროგრამის შექმნისა და საგანმანათლებლო პოდკასტის სახით.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი ეს არ მოხდებოდა ქოცების, შევარდნაძის და კომუნისტების პირობებში.

    მე ასეთი მარტო არ ვარ. ამას კითხულობთ და ათასები ხართ მსგავსი ბიოგრაფიით ამ ქვეყანაში. ჩვენ იმ თაობის ხალხი ვართ, ვის ბავშვობაშიც ბიჭისთვის ყველაზე პრესტიჟული კარიერა კანონიერი ქურდობა იყო, მაგრამ რაღაც შეიცვალა და ახლა მე პროფესორი ვარ, ვიღაც კომპანიის მენეჯერია, ვიღაცას თავისი ბიზნესი აქვს, სხვამ წარმატებული არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მედია პროდუქტი შექმნა და ასე შემდეგ.

    თქვენ გგონიათ ეს თავისით მოხდა და მოვიდა? თქვენ გგონიათ ეს არის ნორმა და მოცემულობა? არა, ჩემო კარგებო, ნორმა და მოცემულობა ამ ქვეყანაში "როინმეტრეველშჩინაა". ასე იყო 2004 წლამდეც და ასე არის ახლაც.

    ეს ყველაფერი რატომ მოვყევი: რაღაც სტიგმად ჩამოყალიბდა მიხეილ სააკაშვილზე რამე კარგის თქმა. ამ კაცს სიტყვით თუ შეეწიე, ჩამორჩენილ ბაბუინად გთვლიან ლამის. და ის კიდე - "გაჩუმდეს, დაგვანებოს თავი..." სად ჯანდაბიდან მოვიდა ეს მიდგომა? აბსოლუტურად სამართლიანი იყო სააკაშვილის კრიტიკა "სვეცკებზე", რომლებიც ქირქილებენ ამ კაცზე. არადა, მათი ბიოგრაფიები ოდნავ რომ გადაფხიკო, ზუსტად იმავეს აღმოაჩენთ, რაც ჩემს ბიოგრაფიაში იყო - ისინი ვარდების რევოლუციის, მიხეილ სააკაშვილის, კახა ლომაიასა და სხვა რეფორმატორების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევდნენ. სწორედ ამ რეფორმატორებმა შექმნეს ის გარემო, სადაც ბალახს ასფალტიდან აღარ სჭირდებოდა ამოსვლა. ჰოდა, ეს ქირქილი ხო უსინდისობაა, მაგრამ პოლიტიკური მავნებლობაც არის. სირცხვილია.

    ვინც გინდათ ის მოგწონდეთ; როცა არჩევნები გვექნება, ვისაც გინდათ იმას მიეცით ხმა; თუ გინდათ სააკაშვილიც აკრიტიკეთ, მაგრამ ეს ქირქილი და სტიგმატიზაცია რა ჯანდაბაა? ეგება ერთი მადლობაც დაგცდეთ.

    მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის წინააღმდეგ აქციებზეც ვყოფილვარ, რადგან მეტი თავისუფლება და დემოკრატია მინდოდა, არც მის მხარდამჭერად ვპოზიციონირებდი არასდროს, მაგრამ მისი ზემოხსენებული წვლილი არასდროს დამვიწყნია და მადლიერების გრძნობა არ დამიკარგავს.

    ახლა 2026 წელია, ქოცები მერიტოკრატიული შესაძლებლობების ყველა ფანჯარას ქოლავენ. ბევრნი ხართ ჰაერში დარჩენილები და არ იცით რა იქნება ხვალ. მე კაი ხანია ვხვდები, რომ ყრმობის წლებში მიშას წინააღმდეგ აქციებზე სიარული იყო შეცდომა, კარგა ხნის წინ გამოჩნდა თუ რამხელა უბედურებას აკავებდა ეს კაცი, მაგრამ ვინც დიდ სურათს 2026 წელსაც ვერ ხედავთ და ისევ ქირქილებთ, იმათ რა გეშველებათ გონებასა და სინდისზე?

    მეორე არის ქოცებისგან დაკომპლექსებული კატეგორია: სანამ ქოცის გინებას დაიწყებენ, მანამდე მიშას ცხრასართულიანი ლანძღვა რომ უნდა ჩაუფინონ - "აი ნაცების დროსაც ასე იყო, მაგრამ..."

    იყავით გულწრფელები და თავისუფლები საკუთარი აზრის გამოხატვისას. ცუდად ჩანხართ და უხერხულია”.