აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, სამხედრო ძალებმა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელეს
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა იუწყება.
სარდლობის ცნობით, დარტყმების სამიზნე სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ბანდარ აბასში მდებარე სამხედრო ობიექტი იყო.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ასევე ჩამოაგდეს ოთხი ირანული თავდასხმის დრონი, რომლებიც საფრთხეს ქმნიდნენ.
ცენტრალური სარდლობის ცნობით, ბანდარ აბასში მდებარე ობიექტს მაშინ დაარტყეს, როდესაც ის მეხუთე დრონის გაშვებას აპირებდა.
ირანული მედიის ცნობით, გამთენიისას სამი აფეთქების ხმა გაისმა ბანდარ აბასის აღმოსავლეთით – ირანის სტრატეგიულ საპორტო ქალაქსა და სამხედრო-საზღვაო ბაზასთან, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან მდებარეობს.
ეს სამი დღის განმავლობაში მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ-მა ირანში სამიზნეებს შეუტია. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დარტყმები თავდაცვის მიზნით განხორციელდა.
კერძოდ, სარდლობაში აცხადებენ, რომ ეს ქმედებები იყო ზომიერი, სრულად თავდაცვითი ხასიათის და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.