მსოფლიო
    2026-11-20 | 10:06

    უკრაინა აგრესორისთვის ტერიტორიის დათმობას არ აპირებს - ზელენსკი

    უკრაინა აგრესორისთვის ტერიტორიის დათმობას არ აპირებს - ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ნებისმიერი კომპრომისი უკრაინის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ქვეყნის მომავალს უნდა ითვალისწინებდეს. მისი თქმით, ტერიტორიული საკითხი მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის და ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღებისას უკრაინელი ხალხის პოზიცია უნდა იყოს გათვალისწინებული.

    ზელენსკიმ ამის შესახებ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    „თუ ჩვენ აგრესორისთვის ჩვენი მიწის დათმობა გვინდოდა, ამის ჩვენება ჯერ კიდევ 2022 წელს შეგვეძლო. თუმცა დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ქვეყანა მტკიცედ არის მზად დაიცვას საკუთარი სახლები, მიწა, ოჯახები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ამას ომის განმავლობაში არაერთხელ ვაჩვენებდით და ამ პრინციპების ერთგული ვრჩებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

    მისი თქმით, შესაძლოა, უკრაინას წინ ყველაზე რთული ზამთარი ელოდებოდეს, თუმცა ქვეყანა ყოველდღიურად ცდილობს გაუძლოს არსებულ გამოწვევებს.

    უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კომპრომისებზე საუბარი უკრაინელებისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.

    „შესაძლოა, დადგეს შესაფერისი მომენტი, როდესაც მშვიდობას მივუახლოვდებით და მას მივაღწევთ. ამის შესახებ მხოლოდ ღმერთმა იცის. ჩვენ დარწმუნებით არ ვიცით, უბრალოდ ყოველდღიურად ვდგამთ ნაბიჯებს და ვცდილობთ გავუძლოთ“, - აღნიშნა მან.

    ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტერიტორიულ საკითხებზე საუბარი სურს, ეს უშუალოდ მასთან უნდა განიხილოს.

    „თუ პუტინს ტერიტორიებზე საუბარი სურს, ჩემთან ისაუბროს. არ გინდა ჩემთან საუბარი? მაშინ, ალბათ, ეს საკითხი შენთვის არც ისე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.