არჩილ გორდულაძე კაია კალასის განცხადებაზე: ახლა რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერანაირად ვერ დაგვავიწყებს მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებსა თუ განცხადებებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძემ კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.
„არ ვიცი, ქალბატონმა კაია კალასმა იპოვა თუ არა რუკაზე სად არის საქართველო, თუ უბრალოდ, მისი თანაშემწეები ან მისი თანამშრომლები უწერენ ამ განცხადებებს. ერთი, რაც ნამდვილად ვიცით არის ის, რომ კაია კალასი, მარტა კოსი და სხვა მაღალი თანამდებობის ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში შემოიტანონ პოლიტიკური დაპირისპირება, ქართველი ხალხი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დააშორონ, სიძულვილის კამპანიები აწარმოონ, სიძულვილის ენით გამორჩეულ ადამიანებს გვერდში დაუდგნენ მათი წარმომადგენლების სახით, მათ შორის წავიდნენ ისეთ უმსგავსობაზე და დიპლომატიურ სკანდალზე, როგორიც კონკრეტული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე დადგომაა. ახლა რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერანაირად ვერ დაგვავიწყებს მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებსა თუ განცხადებებს”, - აღნიშნა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს და ევროკავშირში არავინ ეწინააღმდეგება იდეას, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ.