მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმიდან ცალკე გამოყოფილ საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
როგორც პროკურორი აცხადებს, საქმეში არსებობს ვიდეომტკიცებულებები, რომლებშიც ბრალდებულები ფიგურირებენ.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 მაისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„2025 წლის თებერვალში, ღამის საათებში, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ, დემეტრე ჩიქოვანმა, დემეტრე კასრაძემ, ირაკლი სულაბერიძემ და სხვა პირებმა იმ მოტივაციით, რომ თითქოსდა დაზარალებული ერთ-ერთი მათგანის ახლობელ გოგონას სოციალური ქსელის მეშვეობით წერდა, მოტყუებით მიიყვანეს თბილისში, დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას, ხოლო ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.
იმავე წლის ივლისში, ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად უმოწყალოდ გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს, ძალადობის პროცესი კი ასევე მობილური ტელეფონით გადაიღეს“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.