საზოგადოება
    2026-05-31 | 09:49

    ვრცელდება გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება

    ვრცელდება გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება

    პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

    კერძოდ, მის პოზიციას „ფეისბუქზე“ მისი ძმა აქვეყნებს.

    “მოგესალმებით ყველას, ვინაიდან, ჩემს ძმას არ გაჩნია სოციალური ქსელი გიზიარებთ ჩემი ძმის აზრს.

    დიდი მადლობა, ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი.

    რაც მოხდა, საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან.

    მინდა, მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდათ, ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ.

    სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად.

    და ეს ფაქტი რაც მოხდა, მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც ასე მოიქცევა“, - წერია წერილში.

    პოლიციელების  მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. პაპუნა ლოცულაშვილი უკვე მესამე დღეა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება. 

    შეგახსენებთ, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ ექვს პოლიციელს - ალექსი ბადალოვს, გიორგი წკრიალაშვილს, საბა წაველიძეს, ივანე მისირელს, ვლადიმერ გოდერძიშვილსა და ბესო მალაციძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

    ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

    მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ექვსი სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.