მსოფლიო
    2026-06-08 | 13:26

    სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პრინციპები და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პროცედურები უხეშად დაარღვია - მარია ზახაროვა

    სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პრინციპები და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პროცედურები უხეშად დაარღვია - მარია ზახაროვა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, სომხეთის ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნების დროს დემოკრატიული პრინციპები და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პროცედურები უხეშად დაარღვია.

    ზახაროვას თქმით, როგორც წინასაარჩევნო კამპანია, ისე კენჭისყრის პროცესი ოპოზიციური პარტიების, მოძრაობების, მათი აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ „მკაცრი რეპრესიების“ ფონზე მიმდინარეობდა. მისი შეფასებით, დევნის სამიზნე გახდა ასევე სომხეთში ტრადიციულად დიდი ავტორიტეტით სარგებლობადი სომხური სამოციქულო ეკლესია.

    „ეს ყველაფერი ერევნის მხრიდან დემოკრატიული პრინციპებისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების პროცედურების უხეში დარღვევაა“, – განაცხადა ზახაროვამ.

    მისივე თქმით, რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სომხეთის წევრობის შენარჩუნებას უჭერენ მხარს ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ასევე ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს.

    ზახაროვამ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგებმა აჩვენა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ მხარდაჭერის შემცირება. მისი თქმით, სომხურ საზოგადოებაში რუსეთთან ურთიერთობების განვითარების მიმართ მნიშვნელოვანი მოთხოვნა არსებობს.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი სომხეთთან ურთიერთობებში საკუთარ პოლიტიკას სომხეთის ხელმძღვანელობის რეალური ნაბიჯების გათვალისწინებით წარმართავს.