პოლიტიკა
    2026-07-03 | 07:59

    მოვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიისა და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას - ლაშა ფარულავა

    მოვითხოვთ საწვავის, ელექტროენერგიისა და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან კორუფციული დანამატის ამოღებას - ლაშა ფარულავა

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობას მაღალი ფასების შემცირება დაჰპირდა, თუმცა, მისი თქმით, რეალობაში ფასები იზრდება, მოსახლეობა კი ღარიბდება.

    ფარულავას შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი სისტემა მხოლოდ ოლიგოპოლიებსა და „ქართული ოცნების“ პრივილეგირებულ ჯგუფებს აძლევს სარგებელს, რის გამოც პასუხისმგებლობას მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

    მისივე თქმით, მოქალაქეების „სისტემური ძარცვა“ სამი ძირითადი მექანიზმით ხდება: „საწვავის მაფიის“, ენერგეტიკაში „ბიძინა ივანიშვილის კლანის კორუფციისა“ და „საბანკო ოლიგარქიის“ მეშვეობით.

    „მინდა საზოგადოებას ვუთხრა ის სამი მექანიზმი, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეების სისტემური ძარცვა ხდება: ეს არის საწვავის მაფია, ენერგეტიკაში ბიძინა ივანიშვილის „კლანის“ კორუფცია და, რა თქმა უნდა, საბანკო ოლიგარქია, რომელიც ქართველი ხალხის ჯიბის ხარჯზე მდიდრდება. იზრდება მათი მოგება, მაგრამ არ იზრდება ქართველი ხალხის შემოსავალი, ქართველი ხალხის ეკონომიკური სიმდიდრე. მხოლოდ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების ანაზღაურება იზრდება ქვეყანაში“, – განაცხადა ფარულავამ.

    მისი თქმით, ქვეყანაში 400 ათასი ბავშვი შიმშილობს და ამდენივე ბავშვია სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული.

    ფარულავამ ხელისუფლებას საწვავის, ელექტროენერგიისა და სასურსათო პროდუქტების ფასებიდან, მისი შეფასებით, „86%-იანი კორუფციული დანამატის“ ამოღებისკენ მოუწოდა.

    მისი განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასევე მოითხოვს საწვავზე აქციზის განახევრებას და 2012 წლის ნიშნულზე დაბრუნებას, ელექტროენერგიის, მისი თქმით, 33%-ით გაზრდილი ტარიფის შემცირებასა და მორატორიუმის გამოცხადებას, „საბანკო ოლიგარქიის დასრულებას“ და სოფლის პროგრამის რეალურად ამოქმედებას.