კომენტარი
    2026-07-07 | 11:30

    იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის - შალვა პაპუაშვილი

    იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის - შალვა პაპუაშვილი

    გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სერბეთში განუცხადა.

    „მე თავის დროზეც ვთქვი, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. აქვე უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ, მათ შორის ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას, მის დიდ მრევლს. გასაგებია, რომ იუნკევიჩიენეს ხელიდან კარგი არაფერი გამოვა საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმისთვის. ამიტომაც მნიშვნელოვანია ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია, რომ ამას არ ჰქონდეს რაიმე პრეცედენტის სახე და ევროკავშირის არცერთი ინსტიტუციიდან აღარავინ გაბედოს ქართულ ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 17 ივნისს მიიღო საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით ნათქვამია: „მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში, გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხებად გამოყენებაზე“.

    ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის ბოლო ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ევროპარლამენტის ამ რეზოლუციაში”.

    “მე ვფიქრობ, ამის დიაგნოზი არის ის, რომ თავიანთი უნიათობით, თავიანთი არასწორი პოლიტიკით და არაჯანსაღი დამოკიდებულებით ეკლესიისადმი და ეკლესიის ხმისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს,” - განაცხადა ჯაღმაიძემ.