პოლიტიკა
    2026-07-08 | 07:56

    მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

    მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა.

    პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

    „ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ WTO-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების განხორციელებას, ეკონომიკური რეფორმების პროცესსა და მულტილატერალური სავაჭრო სისტემის განვითარების მნიშვნელობას.

    მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს 26-წლიანმა წევრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ მოდერნიზებაში, სავაჭრო პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებასა და ინვესტიციებისთვის პროგნოზირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში.

    შეხვედრისას ასევე ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ინფრასტრუქტურული განვითარება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში.

    საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მხარი დაუჭიროს თავისუფალ, სამართლიან და წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი საერთაშორისო სავაჭრო სისტემის განმტკიცებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.