ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. მისი შეფასებით, ევროპარლამენტი საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, ხოლო ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ქართველ ხალხთან დაკავშირებით ფაშისტური განცხადებები აქვს გაკეთებული.
„ევროპარლამენტმა უკვე 7 რეზოლუცია გვესროლა და შვიდივე აგვაცილა. ასე რომ, არანაირი ფასი არ აქვს კორუმპირებული ევროპარლამენტარების განცხადებებს. ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ვხედავთ რასთან გვაქვს საქმე - რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ქართველ ხალხზე რომ ფაშისტურ განცხადებებს ადამიანი აკეთებს, საერთოდ იმასთან რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს? გამომსვლელთა სიას რომ შეხედავთ, ნახავთ პოსტსაბჭოთა ლიდერებს, რომლებიც ახლა აქეთ გვესარჩლებიან. შეიძლება ადამიანი გამოიყვანო საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ საბჭოთა კავშირ ვერ გამოიყვანო ადამიანიდან. ევროპარლამენტი დღეს საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაციაა, თავისი შემადგენლობითაც კი რეინკარნაციაა, სადაც რასა იუკნევიჩიანე, გორბაჩოვის „პერესტროიკის“ თანამებრძოლი ზის. ის, რომ არის საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია, მგონი ფაქტია. გადავახვიოთ, ძველი კადრები ამოვიღოთ საბჭოთა კავშირის ყრილობებისა და ნახავთ, რომ ერთი-ერთში არის ესთეტიკაც და გვარები, სახელები, წარმომავლობა, ყველა ერთნაირი ხალხი არის, ვინც იქ არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.