კომენტარი
    2026-07-08 | 09:06

    „კოლექტიური ნაცებისა“ და „ჯო უილსონების“ რეზოლუციებს  ერთი ცენტის ფასიც კი არ აქვს - არჩილ გორდულაძე

    „კოლექტიური ნაცებისა“ და „ჯო უილსონების“ რეზოლუციებს  ერთი ცენტის ფასიც კი არ აქვს - არჩილ გორდულაძე

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ე.წ. „კოლექტიური ნაცების“ და „ჯო უილსონების“ რეზოლუციებს „ერთი ევროს, ერთი დოლარის ან ერთი ცენტის ფასიც კი არ აქვს“, რადგან, მისი შეფასებით, ისინი „აბსოლუტურად ტყუილებით არის გაჯერებული“.

    გორდულაძის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების ავტორები პოლიტპატიმრებად მოიხსენიებენ იმ პირებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ქვეყნის ძალადობრივი გზით გადატრიალების მცდელობაში იყვნენ მხილებულები ან მსჯავრდებულები, მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში, ცდილობდნენ სამართალდამცველებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებასა და პარლამენტის შენობისთვის ცეცხლის წაკიდებას.

    მისივე განცხადებით, რეზოლუციების ავტორები ითხოვენ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებას, რაც, გორდულაძის შეფასებით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში „ლგბტ პროპაგანდის დაშვებას“ ნიშნავს.

    გორდულაძემ ასევე განაცხადა, რომ ისინი მოითხოვენ „გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმებას, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით, აშშ-ში მოქმედი FARA-ს კანონი გაცილებით მკაცრია და ამ კანონის კიდევ უფრო გამკაცრების ინიციატივებიც არსებობს.

    „კრებსითად რომ შევაჯამოთ, ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ცდილობენ რეზოლუციებით თავს დაესხან საქართველოს სახელმწიფოს, ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ არჩევანს. ისინი თავს უფლებას აძლევენ, თქვან, რომ საქართველოს მომავლისთვის რა არის უკეთესი, ეს ქართველ საზოგადოებაზე უკეთ იციან. ბოლოს კი რეზოლუციაში პირდაპირ ჩაწერეს, თითქოს ეკლესია რუსული გავლენების ქვეშაა. ეს გაუგონარი ფაქტია. ასეთი განცხადებებით საზოგადოების ნდობა ევროსტრუქტურებისა და ზოგადად დასავლური ინსტიტუტების მიმართ იკლებს და ეს მათ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.