პოლიტიკა
    2026-07-08 | 22:52

    „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, როგორც პარტია არ არსებობს, ეს არის ორი სექტა - გია ხუხაშვილი

    „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, როგორც პარტია არ არსებობს, ეს არის ორი სექტა - გია ხუხაშვილი

    „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, როგორც პარტია არ არსებობს, ეს არის ორი სექტა -  „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად ჰქვია მიშა და „ქართულ ოცნებას“ - ბიძინა, - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

    მისი შეფასებით, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართულობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროცესებში შედეგს ვერ გამოიღებს.

    „სიზიფეს შრომაა ეს ყველაფერი. არაფერი გამოვა. ნანუკა ჟორჟოლიანს პატივს ვცემ, საქმიანი ადამიანია, ბევრი რამ ჰაერიდან აქვს შექმნილი და გაკეთებული. მენეჯერული თვისებებიც ძლიერი აქვს, მაგრამ რაღაც სისულელეში ყოფს თავს, რადგან აქედან არაფერი გამოვა. ფაქტობრივად, უცხო სხეულში შედის. იქ [„ნაციონალური მოძრაობა“] ყველა ჩასაფრებულია. ნანუკას ჯერ არ ჰქონია პარტიულ აპარატთან შეხვედრა. ის პროექტი, რომ პარტიას სამეთვალყურეო საბჭოს უნიშნავენ, ეს პროექტი ადრეც იყო. მეც კი შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება. ჩემი ურთიერთობა „ნაციონალურ მოძრაობას“ ნებისმიერი ფორმით, ხომ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ, რომ შემომთავაზეს და რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

    მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ელექტორალური ზრდის პოტენციალი არ გააჩნია, რადგან, მისი შეფასებით, ამომრჩევლისთვის პარტია წარსულთან ასოცირდება, ხოლო „ქართული ოცნება“ - აწმყოს პრობლემებთან.

    „ამ პარტიას არ აქვს ელექტორალური ზრდის არანაირი პოტენციალი. საქმე იმაშია, რომ საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნებზე წავა მომავლის ასარჩევად, მის ცნობიერებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ასოცირდება მანკიერ წარსულთან, ისევე როგორც „ქართული ოცნება“ ასოცირდება მანკიერ აწმყოსთან. არ უნდათ ამ ადამიანებს წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანი. მომავლის არჩევანი უნდა და მომავალთან არ ასოცირდება, არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“. რაც არ უნდა ფოკუსები ატარონ, არც ერთი ამომრჩეველი იქით გამხედავი არ არის. რაც არ უნდა რეორგანიზაცია ჩაატარონ, არაფერი უშველით.

    ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, როგორც პარტია არ არსებობს. ეს არის ორი სექტა. ორი მონოთეისტური რელიგია. „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად ჰქვია მიშა და „ქართულ ოცნებას“ - ბიძინა. ამ ორ ღმერთზე აშენებული ორი სექტაა. მათ შორის დაპირისპირება ეს არის ჭეშმარიტი რელიგიის დაფუძნებისთვის ბრძოლა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.