მცხეთაში მდინარე მტკვრის დონე სამი დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება
14-დან 16 ივლისის ჩათვლით, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესის წყალსაცავზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. დაგეგმილია ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის გეგმიური გარეცხვა, რაც მისი სასარგებლო მოცულობის შენარჩუნებას და დაგროვილი ნაგვის გაწმენდა-გატანას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ჩატარდება
„წყალსაცავის გარეცხვითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რაც გამოიწვევს ზაჰესის სამდღიან გაჩერებას და შესაბამისად, მცხეთაში მდ. მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და დაუბრუნდება ბუნებრივ ნიშნულს.
სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს ყოველწლიურად ატარებს, რაც ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურ მუშაობას უწყობს ხელს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.