კორუფციის საქმეებზე დაკავებები „ქართულ ოცნებაში“ კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება - თაზო დათუნაშვილი
კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 9 რეგიონში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 28 პირის დაკავება საქართველოში კორუფციის სისტემურ ხასიათზე მიუთითებს და არა კორუფციასთან რეალურ ბრძოლაზე.
მისი თქმით, გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთა ქმედებებით სახელმწიფოს დაახლოებით 700 ათასი ლარის ზიანი მიადგა, თუმცა ეს მხოლოდ იმ მასშტაბური კორუფციული სისტემის მცირე ნაწილია, რომელიც, დათუნაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის წლებში ჩამოყალიბდა.
„საქართველოში კორუფციის პრობლემა სისტემურია. „ქართული ოცნება“ მას არ ებრძვის, არამედ თავად არის კორუფციაში ჩაფლული. მმართველობის ყველა რგოლში კორუფცია ცხოვრების წესად იქცა და ამით ფუნქციონირებს მთელი საჯარო მმართველობის სისტემა,“ – განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით არაერთი მაღალჩინოსანი და ყოფილი თანამდებობის პირი დააკავეს, თუმცა, მისი შეფასებით, ეს პროცესები რეალურ ანტიკორუფციულ პოლიტიკას არ ასახავს.
“ამ 28 ახალ დაკავებულ პირთან ერთად ფაქტობრივად ასობით ადამიანია დაკავებული კორუფციის ბრალდებით. მათ შორის საპყრობილეში ამ კონკრეტულ მომენტში ზის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც სახლში უპოვეს კოლოსალური რაოდენობის ნაღდი ფული და ოქროს ზოდები. სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც კონკრეტულად ქრთამი აქვს აღებული ერთი რიგითი თურქი ბიზნესმენისგან და მფარველობდა თაღლითური „ქოლცენტრების“ მთელ სისტემას საქართველოში. აქ საკითხავია, სად წავიდა ეს თაღლითური „ქოლცენტრები“, აქ არავინ არაა დაკავებული და ვინმემ ხომ არ გადაიბარა „ქართულ ოცნებაში“ მათი მფარველობა.? დაპატიმრებულია და საპყრობილეში ზის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც ქართულ ჯარს საკვებიდან მოპარა ფული და შეიარაღებული ძალები გაძარცვა. ამ კორუფციულ დანაშაულებში ის იყო ჩართული თავისი მოადგილეებით, დეპარტამენტის უფროსებით და რაც მთავარია, ოჯახის წევრებით. ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც აბსოლუტურად ყველა უწყება იპარავს ხალხის ფულს, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური, ინფრასტრუქტურის სამსახური თუ თბილისის მერია. ამ ფულს პირველ რიგში თქვენ გპარავენ - ბაღებს, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, სკოლის მოსწავლეებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს, ქართველ პოლიციელებს და თითოეულ თქვენგანს, ვინც შრომობს და პატიოსნად იხდის გადასახადებს, რომელსაც შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძე და ძმანი მისნი ხაპავენ,” - აღნიშნა მან.
დათუნაშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორუფციული დანაშაულები მზარდია, რასაც, მისი თქმით, გენერალური პროკურორის 2025 წლის ანგარიშიც ადასტურებს.
„ბოლო წლებში დაწყებულია 230 სისხლის სამართლის საქმე, სისხლისსამართლებრივ დევნაში მიცემულია 125 პირი, მათგან 82 საჯარო მოხელეა. ეს არ არის საამაყო სტატისტიკა – ეს ეროვნული განგაშის საფუძველია. საქართველო კორუფციაში იხრჩობა,“ – აღნიშნა მან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მიმდინარე დაკავებები „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება და არა კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას.
„მოქმედი მმართველი კლანი ებრძვის წინა კლანს და ამას რეალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან კავშირი არ აქვს. კორუფციის დასრულების ერთადერთი გზა ივანიშვილის კორუფციული რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა,“ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში სულ 28 პირია მიცემული.