კომენტარი
    2026-07-20 | 14:51

    „რიყის დოქების“ დემონტაჟი თბილისელების პრიორიტეტი არ არის, „ქართულ ოცნებას“ კი აქ პოლიტიკური და კომერციული ინტერესები აქვს - ნიკა ჩერქეზიშვილი

    „რიყის დოქების“ დემონტაჟი თბილისელების პრიორიტეტი არ არის, „ქართულ ოცნებას“ კი აქ პოლიტიკური და კომერციული ინტერესები აქვს - ნიკა ჩერქეზიშვილი

    კოალიცია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრის, ნიკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟი თბილისის მოსახლეობის პრიორიტეტს არ წარმოადგენს და დედაქალაქის ხელისუფლებამ ყურადღება ქალაქში არსებულ რეალურ საფრთხეებზე უნდა გაამახვილოს.

    მისი თქმით, ქალაქში ათასობით ავარიული შენობაა, რომელთა დემონტაჟიც მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ასევე არსებობს მეწყერსაშიში ზონები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომლებიც თბილისელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

    „რიყის დოქები“ შესაძლოა, ზოგს მოსწონდეს და ზოგს არა, მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რა სჭირდება დღეს თბილისსა და თბილისელებს. მაშინ, როცა ქალაქში ათასობით ავარიული შენობაა, რომლის დემონტაჟიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ხოლო მეწყერსაშიში ზონები და სხვა სახიფათო ობიექტები რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, „რიყის დოქების“ დემონტაჟი საერთოდ არ არის თბილისელების პრიორიტეტებში. ეს პრიორიტეტშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის. ისინი აქ საკუთარ პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებს ხედავენ. მათი ინტერესია, რომ ამ ადგილას განათავსონ ისეთი ობიექტი, რომლისგანაც სარგებელს მიიღებენ. მთელი ეს ძალისხმევა სწორედ ამისკენ არის მიმართული. თბილისის მერია და კახა კალაძე რომ ნამდვილად ქალაქისა და თბილისელების ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ, პირველ რიგში იმ ავარიული შენობების დემონტაჟს უზრუნველყოფდნენ, რომლებიც ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,“ – განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

    ცნობისთვის, თბილისის მერიამ ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟის ნებართვა გასცა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა „რიყის დოქების“ ავტორი, იტალიური არქიტექტურული ჯგუფი Studia Fuksas, რომელმაც დემონტაჟის გადაწყვეტილება „კულტურულად უკან გადადგმულ დიდ ნაბიჯად“ შეაფასა.

    მსგავსი სტატიები