სოცმედია
    2026-07-20 | 15:26

    მოქალაქეობა მხოლოდ პასპორტი არ არის, მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა, მოქალაქეობა ვალდებულებაა - გოჩა მირცხულავა

    მოქალაქეობა მხოლოდ პასპორტი არ არის, მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა, მოქალაქეობა ვალდებულებაა - გოჩა მირცხულავა

    ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს:

    წლებია ვფიქრობ, რატომ არ არსებობს საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობა. რატომ არ არსებობს პარტიზანული მოძრაობა. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ აკრძალა? არა. წინააღმდეგობის მოძრაობები ისტორიაში ხელისუფლების ნებართვით არასოდეს იბადებოდა. მთავარი მიზეზი სხვა მგონია. ჩვენში ემოციები ხშირად უფრო დეკლარაციულია, ვიდრე ნამდვილი. ვირტუალური პათეტიკით ვიკვებებით. გმირობა პოსტი გვგონია, პატრიოტიზმი – კომენტარებში გინება, წინააღმდეგობა კი – რუსისთვის „ღორის“ დაძახება. არა. ეს წინააღმდეგობა არ არის. წინააღმდეგობა მაშინ იწყება, როდესაც მზად ხარ, საკუთარი სიტყვების ფასიც გადაიხადო. დღეს ბევრი რუსს ოკუპანტსაც ვერ ეძახის. ზოგი ეძახის კიდეც მაგრამ იმავე დროს, თუ ფულია, ხაჭაპურსაც აცხობს, ხინკალსაც ახვევს, ბიზნესსაც აკეთებს, ბინასაც ორმაგ ფასად აქირავებს და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. მერე კი სხვას ასწავლის, ვინ არის პატრიოტი.

    ეს წინააღმდეგობა არ არის. ეს საკუთარი თავის მოტყუებაა.

    ძალიან უყვართ 2008 წლის გახსენებაც. ამბობენ, ვიღაცები წითელ ხიდზე იდგნენ და გარბოდნენო. დავუშვათ, ასე იყო. მაგრამ გაქცევაც კი ბევრად უფრო პატიოსანი არჩევანია, ვიდრე სამოქალაქო კოლაბორაციაში იყო იმ ძალასთან, რომელსაც საჯაროდ ოკუპანტს ეძახი, ხოლო პირად ცხოვრებაში საკუთარი კეთილდღეობისა და გამდიდრების წყაროდ მიიჩნევ.

    ჩვენი საზოგადოების მორალური სახე ყველაზე კარგად 2022 წელს გამოჩნდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უამრავი სტუდენტი ბინებიდან გამოასახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე ბინები რუსეთის მოქალაქეებზე ორმაგ ფასად გაექირავებინათ. რამდენის ნათესავი მოიქცა ასე? რამდენის მეგობარი? რამდენმა უთხრა საკუთარ ახლობელს, რომ ეს სამარცხვინო საქციელი იყო? თითქმის არავინ. იმიტომ, რომ როდესაც საქმე „ჩვენიანს“ ეხება, პრინციპები უცებ ქრება.

    და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა. რატომ ლაპარაკობენ ადამიანები მხოლოდ ეროვნების კონტექსტში? რატომ გაურბიან სიტყვებს – პასუხისმგებლობა და ვალდებულება? პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ როგორც კი პასუხისმგებლობაზე დაიწყებ საუბარს, საკუთარ თავზეც მოგიწევს ლაპარაკი. ბევრად ადვილია თქვა – „რუსია“, „ოკუპანტია“, „მოღალატეა“, ვიდრე საკუთარ თავს ჰკითხო - მე რა პასუხისმგებლობა მაქვს? მე რა ვალდებულება არ შევასრულე?

    ამიტომ არის, რომ ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი არ უყვართ. ეს სიტყვა ყველას ეხება. ხელისუფლებას, რომელიც მუდამ გაურბის პასუხისმგებლობას. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც სხვის შეცდომებზე საუბრობენ, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე – იშვიათად. ბიზნესს, რომელიც მოგებას ხშირად პრინციპებზე მაღლა აყენებს. და თითოეულ ჩვენგანს, ვინც მზად არის სხვისი მოვალეობები ჩამოთვალოს, მაგრამ საკუთარი ვალდებულებების გახსენება არ უნდა.

    აი, აქ ვართ ყველანი გამოჭერილები. მოქალაქეობა მხოლოდ პასპორტი არ არის. მოქალაქეობა პასუხისმგებლობაა. მოქალაქეობა ვალდებულებაა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოში მოსახლეობა ბევრად მეტია, ვიდრე მოქალაქე. მოსახლეობა მხოლოდ ცხოვრობს კონკრეტულ ტერიტორიაზე. მოქალაქე კი საკუთარ თავსაც ეკითხება: „მე რა გავაკეთე? მე რა არ გავაკეთე? რაზე ვარ პასუხისმგებელი?“

    სანამ ამ კითხვას საკუთარ თავს არ დავუსვამთ, ყოველთვის გამოჩნდება ძალა და ვიღაც ვინც თავზე დაგვასაქმებს, რომელიც ჩვენს უპასუხისმგებლობას გამოიყენებს.

    და მერე ისევ გაგვიკვირდება, რატომ გვექცევა ყველა ისე, როგორც გვექცევა.

    იმიტომ, რომ მოსახლეობას ანგარიშს ნაკლებად უწევენ. მოქალაქეს კი – ყოველთვის”.