კომენტარი
    2026-07-22 | 16:24

    ლევან  მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე: ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს

    ლევან  მაჭავარიანი ვახო სანაიას დაკავებაზე: ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს

    „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება კანონით გათვალისწინებული მექანიზმია და მიზნად საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და შეურაცხმყოფელი ქცევის პრევენციას ისახავს.

    როგორც მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს და სოციალური ქსელებით ადამიანების შეურაცხყოფა რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

    მისივე თქმით, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის წარმოადგენს პრობლემას კანონის ამოქმედება, რომლებიც სოციალურ ქსელში მოქალაქეების შეურაცხყოფით არიან დაკავებული.

    „ოფიციალური სტატისტიკა არსებობს. მაგალითად, ბრიტანეთში 2024 წელს 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს Facebook-ზე კონსერვატორული შინაარსის პოსტების გამოქვეყნებისთვის. იქ შეურაცხყოფაზეც არ არის საუბარი. ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული. მოუწევთ ჯარიმის გადახდა და თუ არ გადაიხდიან, შემდეგ სხვა ტიპის სანქციაა. ეს არის ერთ-ერთი მდგენელი იმისა, რომ ფაშიზმი და პოლიტიკური ტერორიზმი საქართველოში დავასრულოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

    მისივე შეფასებით, 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაზე საუბარი კონტექსტის გარეშე საზოგადოებას მცდარ წარმოდგენას უქმნის.

    „ფრაზა, რომ ადამიანი პოსტის გამო 14-დღიან პატიმრობაში სასჯელს უნდა იხდიდეს, ძალიან სკანდალური და ხმაურიანია, მაგრამ თუ ფართო კონტექსტში შევხედავთ, ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ადამიანები ერთმანეთს „ფეისბუქ“ პოსტებით უპირისპირდებიან, ლანძღავენ და ამცირებენ. ეს არის პოლიტიკური ტერორიზმის, ფაშიზმის, რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. სამმართველოს შექმნა და ამის შემდეგ მოსამართლეების მიერ ჯარიმების დაკისრება ერთ-ერთი მექანიზმია ამ ყველაფრის პრევენციისთვის“, – აღნიშნა დეპუტატმა.

    მაჭავარიანის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება მის კომპეტენციას არ წარმოადგენს.

    „მე მოსამართლის გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ. თუ ადამიანს ჯარიმის არ ეშინია, ხელმეორედ აკეთებს და ჯარიმას არ იხდის, რა უნდა გააკეთო? სხვა გზა მოსამართლეს აღარ რჩება. ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

    ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.