სოცმედია
    2026-07-25 | 23:32

    თუ მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებთან არ გვაქვს საქმე, როგორც წესი, გადასინჯვას და გადაფასებას წინ ვერაფერი დაუდგება -  მაკა ჯანჯიბუხაშვილი

    თუ მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებთან არ გვაქვს საქმე, როგორც წესი, გადასინჯვას და გადაფასებას წინ ვერაფერი დაუდგება -  მაკა ჯანჯიბუხაშვილი

    ლიტერატორი მაკა ჯანჯიბუხაშვილი სოციალრ ქსელში წერს:

    „როგორც ლიტერატორს, საჭიროდ მიმაჩნია, ნოდარ დუმბაძის მწერლობაზე ვთქვა ორიოდ სიტყვა.

    მანამდე კი ის უნდა გავიხსენოთ, რომ გასული საუკუნის 70 წელი ჩვენმა ქვეყანამ საბჭოურ დიქტატურაში იცხოვრა და ყველა მწერალს, ვინც გადაურჩა რეპრესიებს, მოუწია გარკვეული კონიუნქტურის დაცვა, სხვაგვარად, უბრალოდ, არ დაიბეჭდებოდნენ. მაგრამ, მიუხედავად ცენზურისა და წნეხისა, არსებობდნენ ტიპური საბჭოთა მწერლები, რომელთაც სიხარულით აიტაცეს სოცრეალიზმის დროშა და ბოლომდე ერთგულად ემსახურნენ მას და არსებობდნენ საკმაო რაოდენობის და საკმაოდ ნიჭიერი და მნიშვნელოვანი მწერლები, რომელთაც ყველაფერი იღონეს, ან შეფარვით, ან მოიარებით, ან სტილისტიკური თავისებურებით, თუ ვერ გააქრობდნენ, უკანა პლანზე მაინც გადაეტანათ ტოტალიტარული სახელმწიფოს სავალდებულო მოთხოვნები.

    ეს უფრო ძველი თაობის მწერლებს ეხება, ახალ ანუ პოსტსტალინური ეპოქის ქართულ საბჭოთა მწერლობაში აღარც წნეხი იყო ისეთი მძიმე და აღარც იმდენი მოხალისე სოცრეალისტი გვყავდა. სწორედ ამ დროს, 60-იანი წლებიდან ვითვლით ახალ ქართულ ლიტერატურაში შემოსულ მძლავრ ნაკადს, იქნება ეს მითოსური თუ რელიგიური თემები და მოტივები თუ საყოველთაო ჰუმანისტური იდეალები. სწორედ ამ უკანასკნელ ტალღაზე მოვიდა ნოდარ დუმბაძე, ჰუმანიზმის და კაცთმოყვარეობის ტალღაზე, რაც განსაკუთრებით აკლდა საბჭოური კვაზიიდეალებით გაძეძგილ ლიტერატურას. ამასთან, ნოდარ დუმბაძის მწერლობის პოპულარობა გამოიწვია არა მხოლოდ მისმა უბრალო, სხარტმა და ნათელმა სტილმა, დამუხტულმა საქართველოს ულამაზესი კუთხის ბუნებით და ხასიათით, არამედ, პირველ რიგში, ომის თემამ, უაღრესად მტკივნეულმა და ახალმა, ჯერ კიდევ მოუშუშებელ ჭრილობებად რომ აჩნდა ერის სხეულს. თანაც, ასეთი დრამატული და უმძიმესი თემები ისეთი იუმორით და გურული დიალექტიზმებით დაამშვენა, რომ მთელი ერისთვის საყვარელ და, ლამის, საზეპირო მოთხრობებად იქცნენ, იქნებოდა “ მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” თუ “მე ვხედავ მზეს”. შემდეგ ფილმებიც მოჰყვა წიგნებს და კიდევ უფრო მეტი პოპულარობა შეიძინა. მოგვიანებით, როდესაც მისი “კუკარაჩა” და “მარადისობის კანონი” გამოვიდა, კიდევ უფრო მეტად იყო მორყეული საბჭოური ცენზურა და მან შეძლო, რელიგიური თემაც შემოეტანა და შემოეტანა მარტივად, ცხადად, ნათლად, იქნებ, ერთგვარ პრიმიტიულობამდე დაყვანილი უბრალოებით, თუმცა, იმ საზოგადოებისთვის, ვისაც სახარება ჯერ თვალით არ ენახა (და ასეთები უმრავლესობაში იყვნენ), ცის გახსნასავით იყო კუკარაჩასა და მარადისობის კანონში ნახსენები თუ ციტირებული წმინდა წერილი. გარდა ამისა, საყურადღებოა ის მოთხრობები, რომელნიც კლასიკად არის მიჩნეული და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის უსაყვარლესი ნაწარმოებებია - ხაზარულა, იანგული… ანდა, საბავშვო ლექსები, ნამდვილი შედევრები, რომელთა წაკითხვა ერთგვარ სიამოვნებას ჰგვრის დიდსა თუ პატარას. ასეთად ვხედავ პირადად მე ნოდარ დუმბაძეს, რომლის როლი ქართულ ლიტერატურაში იმდენად დიდია, რომ მისი შეფასება და ზუსტი ადგილის განსაზღვრა, შესაძლოა, ძალიან გაუჭირდეს მის თანამედროვე ადამიანს - მიიჩნიოს იგი სერიოზულ მწერლად თუ უბრალო, ნაივური ლიტერატურის შემოქმედად. აქვე ვიტყვი, რომ ნაივურობა სრულიად არ ნიშნავს უხარისხობას, უბრალოებას კი, როგორც წესი, თავისი ფასი აქვს.

    წლების წინ, როდესაც ეროვნული მოძრაობა ძალებს იკრებდა და ყოველი საბჭოურის გადაფასება ხდებოდა, ნოდარ დუმბაძის მისამართით გამოითქვა აზრი, რომ ის იყო საბჭოთა მწერალი, რომელმაც გააიდეალა საბჭოთა მილიცია და შავი სამყარო (თეთრი ბაირაღები) და რომ მისი მწერლობა კონიუნქტურისა და საბჭოური იდეალების ერთობლიობის ნაყოფია. იმ წლებში ჩვენც, ახალგაზრდები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მაქსიმალიზმი და რადიკალიზმი, ეგრევე ავიტაცეთ ეს მოსაზრება, თუმცა, როდესაც წყალნი წავიდ-წამოვიდნენ და ვნებებიც ჩაცხრა, შემიძლია ასე შევხედო ნოდარ დუმბაძის მხატვრულ შემოქმედებას. რაც შეეხება მის პიროვნებას, ის არ იყო გმირი და დისიდენტი, მაგრამ არც უკანასკნელი ყოფილა მათ შორის, ვისაც საბჭოთა საქართველოში მოუწია ცხოვრება. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი და ვერავითარ აზრს ვერ გამოვთქვამ მისი პიროვნების შესახებ.

    რაც შეეხება იმ სამარცხვინო პროცესებს, რაც ნოდარ დუმბაძის სახელის იუმორისტულ კონტექსტში მოხსენიებას მოჰყვა და რაზეც აგორდა ბინძური კამპანია ერთი ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდის მორიგი უგვანობა, რაც გადაივლის და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ერთი კი ცხადია, მწერლობის მოყვარული, წიგნიერი ადამიანები მუშტებზე არ იყურებიან, არამედ, აზრი და გონი ეხსნებათ საიმისოდ, რომ დანაწევრებული მეტყველებით გადმოსცენ თავიანთი სათქმელი, ანდა, წერილობით გამოხატონ საკუთარი შეხედულებები.

    აქვე დავძენ - ქართველ მწერალთა უმეტესობის მიმართ გამოთქმულა სრულიად საპირისპირო, ერთმანეთის გამომრიცხავი აზრები, ერთი და იგივე მწერალი ჯერ თუ კვარცხლბეკზე აუყვანიათ, სულ მოკლე ხანში მიწასთანაც გაუწორებიათ მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო. გრიგოლ რობაქიძის შესახებ დაწერილ აკაკი ბაქრაძის მონოგრაფიაში არის ასეთი თავი - მოდის გილიოტინა, სადაც ზუსტად ამ საკითხზე წერს ავტორი და წერს სრულიად სამართლიანად - მოდის გილიოტინას შეუძლია, მწვერვალზე მდგომ მწერალს თუ, ზოგადად, ხელოვანს, ისეთი გილიოტინა მოუწყოს, რასაც ყველაზე საშიშ ზმანებაშიც ვერ წარმოიდგენდა. აქ აკაკი ბაქრაძე გრიგოლ რობაქიძის პოპულარობასა და შემდეგ კი მის სრულ იგნორირებაზე ლაპარაკობს, რაც, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ემიგრაციაში მყოფს, გერმანულ საზოგადოებაში მოუხდა და მოუხდა იმის გამო, რომ ჰიტლერისა და ფაშიზმის აპოლოგეტად მოევლინა იქაურ საზოგადოებას. ასეთია ხელოვანის და ისტორიული პირების ბედიც - ამა თუ იმ ეპოქაში შექმნილი ე.წ. მორალური ტემპერატურა უშუალოდ მოქმედებს როგორც ავტორზე, ისე მის შემოქმედებაზე და თუ მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებთან არ გვაქვს საქმე, როგორც წესი, გადასინჯვას და გადაფასებას წინ ვერაფერი დაუდგება

    ვიცი, ეს პოზიცია ძალიან არაპოპულარული და ზოგიერთი ჩემი მეგობრისა თუ ახლობლისთვის სრულიად მიუღებელი იქნება, მაგრამ ვერაფერს ვიზამ, უბრალოდ, ვიცი, რომ ერთ კარგ მწერალზე მეც უნდა მეთქვა ჩემი სიტყვა, მიუხედავად ყოველგვარი პოლიტიკური თუ მორალური პრეფერენციებისა“.

    მსგავსი სტატიები