სოცმედია
    2026-07-25 | 19:33

    დიქტატურის მტერი იარაღი კი არა - ფიქრია!.. ტყვიას ერთი ადამიანის მოკვლა შეუძლია, ფიქრს, იდეას - იმპერიის დამხობა! -ბესიკ ლაგვილავა

    დიქტატურის მტერი იარაღი კი არა - ფიქრია!.. ტყვიას ერთი ადამიანის მოკვლა შეუძლია, ფიქრს, იდეას - იმპერიის დამხობა! -ბესიკ ლაგვილავა

    ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა სოციალურ ქსელში წერს:

    “რა დროა,როცა ამ ტექსტის წერას ვიწყებ?

    – თორმეტს წუთები აკლია.

    – თქვენთვის მიჩუქნია ეს წუთები... სანამ დროა, იხალისეთ!

    რადგან დგება დრო, როცა წუთების ფლანგვის უფლება აღარ გვექნება!

    ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით მოხდა ისეთი ამბები, რომლებიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთთან კავშირში არ არის.

    - რუსი ტურისტების უცნაური პროვოკაციები.

    - ამას მოყოლილი ანტიქართული კამპანიები სოციალურ ქსელებში.

    _ე.წ. პრეზიდენტის ცვლილება ე.წ. "სამხ. ოსეთში"!

    _ ჩორჩანის საგუშაგოს თემის გააქტიურება.

    _ ქვეყანაში ორჯერ შექმნილი ელექტროენერგეტიკული ავარია, რომლის დროსაც მთელი ქვეყანა "გამოირთო" და რომლის შესახებ საზოგადოებას დღემდე არ მიუღია ამომწურავი ოფიციალური განმარტება. (არადა, ხელისუფლება ვალდებულია!!)

    შეიძლება რომ ეს ყველაფერი უბრალოდ დამთხვევა იყოს?!

    ყველაფერი შეიძლება, მაგრამ... მაგრამ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სწორედ იმაშია, რომ მსგავს "დამთხვევებს" სერიოზულად აანალიზებდეს!

    ისტორია გვასწავლის, რომ დიდი კრიზისები ხშირად იწყება არა ტანკებით, არამედ საინფორმაციო პროვოკაციებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ენერგეტიკული სისტემების გამოცდით, საზოგადოების ნდობის შერყევით.

    პანიკის დათესვა არ მინდა.

    მაგრამ არც თვითდამშვიდების უფლება გვაქვს.

    რა მდგომარეიობაშია, საქართველოს #1 მტერი დღეს?!

    უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობის, რუსული ენერგეტიკული და ლოჯისტიკური ობიექტების, უკვე მხოლოდ რეგიონებში არა, მოსკოვსა და პეტერგურგში განადგურების, ყირიმის ფაქტობრივი ბლოკადის, "ქვეყანა-ბენზოგასანართ სადგურში" მოსახლეობის- ბენზინის რიგებში დაძინება-გათენების ფონზე, მოდის რუსეთის დუმაში არჩევნები...

    არა სულელი არ გეგონოთ, ვთქვა, რომ პუტინის "ედინაია როსია" არჩევნებს წააგებს, მაგრამ პროპუტინისტური პროპაგანდით ტვინგამოლაყებულ, ზომბებად ქცეულ რუსებს უდგებათ ფიქრის დრო...

    ფიქრის იმპულსი რუსეთში!

    არჩევანის წინ პროპაგანდით ზომბირებული რუსი, მაინც იწყებს ფიქრს... რა იყო ომამდე, რატომ ვდგევარ ბენზინის რიგში? რატომ მოდის ციდან შავი წვიმა? რატომ დგას ჩემს ქალაქში ბოლის სუნი?! რატომ მოკლეს ჩემი კლასელი, შეყვარებული ან შვილი?!

    დიქტატურის მტერი იარაღი კი არა - ფიქრია!

    დაიმახსოვრეთ, ეს ფრაზა ბესო ლაგვილავასგან - დიქტატორის #1 მტერი - ფიქრია!

    დიქტატურის ყველაზე დიდი მტერი არასოდეს ყოფილა მიტინგი და დემონსტრაცია, არც შეიარაღებული ამბოხება,რომელთა უდიდესი ნაწილი ხელისუფლების გამარჯვებით და ადრინდელზე უარესი დიქტატურით მთავრდება!

    გავიმეორებ, რომ ტვინში ჩავიბეჭდოოთ - დიქტატორის №1 მტერი ფიქრია.

    ტყვიას ერთი ადამიანის მოკვლა შეუძლია.

    ფიქრს, იდეას - იმპერიის დამხობა!

    ამიტომ ცდილობს ყოველი დიქტატურა, რომ მოქალაქემ აღარ იფიქროს - მხოლოდ ირწმუნოს!

    ამისთვის არსებობს სახელმწიფო პროპაგანდა რუსეთში! და საქართველოშიც...

    პუტინს არ ეშინია, იმ ასი თუ ათასი ან თუნდაც ათიათასი წითელ მოედანზე გასული ანტიპუტინისტის...

    მას ეშინია, მილიონობით რუსის თავში წარმოშობილი ფიქრის!

    ამ "ფიქრების შესაწყვეტად" და მოსახლეობის პროპაგანდის ჰიპნოზის გავლენის ქვეშ დასარჩენად, პუტინის რუსეთს სჭირდება, რაღაც გამარჯვების ეპიზოდი ! ანუ გართულებული ეკონომიკური სიტუაციის, მსოფლიო იზოლაციის, მისი მოკავშირეთა (სომხეთი, სირია, უნგრეთი და ა.შ.) კლების, უკრაინის ფრონტზე სტრატეგიული ამოცანების მიღწევის შეუძლებლობის ფონზე, საჭიროა , ელვისებური სამხედრო გამარჯვება...

    დიდი ხანია, მიდის ფიქრი იმაზე, სად შეუძლია რუსეთს მიაღწიოს ასეთ გამარჯვებას?!

    ჯერ კიდევ შარშან, მსოფლიოს წამყვან ექსპერტთა წრეებში განიხილებოდა ვარიანტები - ესტონეთი, პოლონეთი, ლიტვა, მოლდავეთი...

    პოლონეთი შეიარაღდა და გამოირიცხა - აქ აგრესიისას რუსეთი მიიღებს მანოკაუტირებელ დარტყმას ცხვირში !

    ბალტიისპირეთში ნატო-ს ჯარების მუდმივი წვრთნების და სამხედრო მზადყოფნის პირობებში, სავარაუდოდ ირიცხება ესტონეთი და ლიტვაც...

    რჩება ვინ?!

    რჩება საქართველო! ყველაზე დაუცველი, ყველაზე სუსტი არმიით და სტრატეგიული პარტნიორების გარეშე...

    როცა წლების განმავლობაში ვწერდი, ვყვიროდი, ქვეყანას სჭირდება ჯარი, ქვეყანას სჭირდება ძლიერი პარტნიორები - მაშინ პასუხად ვიღებდი უბირთა პასუხს - ვის უნდა გაუწიოს ქართულმა ჯარმა წინააღმდეგობა - რუსეთის არმიას?!

    ამ სიბრიყვეზე შორს არ მიდიოდა უბირთა აზრი...

    მოდი, შევეცდები, მარტივად აგიხსნათ! იარაღის ქონას მაშინ აქვს აზრი, როცა მოწინააღმდეგემ იცის - შენ გაქვს იარაღი და მისი აგრესია დაუსჯელი არ დარჩება... შეიძლება მოგკლას, მაგრამ მასაც აქვს სიკვდილის თუნდაც 5%-იანი შანსი! ამიტომ თავდასხმამდე ფიქრობს - რომ დავზიანდე?!

    როცა იარაღს ამოიღებ, ეს დასასრულია... მაშინ ან კლავ ან მოგკლავენ!

    სააკაშვილის ძირითადი შეცდომა ის იყო, რომ რუსების მხრიდან პროვოცირებულმა ამოიღო იარაღი ... თავად არ იცოდა და აღმოჩნდა - ფილთა თოფი ეჭირა ხელში!

    ან იცით, მაინც, რა ფუნქციას ასრულებდა და ჯერაც ასრულებს ბირთვული იარაღი?!

    თუკი მას გაისვრი, ეს შესაძლოა, მოწინააღმდეგის დასასრული იყოს, მაგრამ დასასრულია შენთვისაც! ამას ქვია ბირთვული შეკავება...

    ამიტომ იყო ქართული არმიის მშენებლობა საჭირო.. არა ომისთვის - შეკავებისთვის!

    „Si vis pacem, para bellum“ - მშვიდობა გინდა? ემზადე ომისთვის! - ეს ბევრისთვის დღეს გაუგებარი სიბრძნე, ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა იცოდნენ!

    არმია მშიერის ულუფაზე ვამყოფეთ... სტრატეგიული მოკავშირეები დავკარგეთ... მაშ, ვინ იქნება რუსეთისთვის ყველაზე იოლად შესარგი ლუკმა?

    კაბო ვერდე - შორია! თან იქ შესაძლოა, დიდი წინააღმდეგიბა მიიღოს - ეს იქაურმა ფეხბურთის ნაკრებმა დაამტკიცა!

    რათქმაუნდა, საქართველო!

    ფონი მზად არის - "რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩაგრავენ"... ეს კამპანია ზვირთდება...

    ქვეყანა ძალიან მოწყვლადია, მარტივია მასში ენერგეტიკული პრობლემების შექმნა.. ერთი ტყვია აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ხაზზე ან ერთი ავარია ენგურჰესზე... ჯარი - ძალიან სუსტია და ნატო-ს სტანდარტებიდან ისევ ეშვება წითელი არმიის სტანდარტებზე... მოსახლეობა დახლეჩილია! მოკავშირეები - არ ყავს! აგრესიის შემთხვევაში, თავს განცხადებითაც არავინ შეიწუხებს მაინც და მაინც...

    თანაც, არსებობს ხალხი, ვინც ვარდების თაიგულით დახვდება რუსულ ტანკებს რუსთაველზე...

    პუტინისთვის, ახლა საქართველო ტკბილი მარწყვია, უკრაინის ფრონტზე ამდენი ნეხვის ჭამის შემდეგ!

    მოდი, ახლა ერთ თემაზეც ჩამოვყალიბდეთ!

    ე.წ. "მედასავლეთეთა" შორის შექნნილია მარტივი აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულია საქართველოს რუსეთში ინტერგაციით...

    მე კი გეტყვით, სულელები ხომ არ ხართ?! დღეს ივანიშვილს მის გემოზე მორგებული აქვს ეს ქვეყანა, მისია მთავრობაც, პარლამენტიც, სასამართლოც, პოლიციაც, ჯარიც... მისია ქვეყნის რესურსები.. ცა , ჰაერი, მიწა, ენერგია, უფლებები, ლიცენზიები...

    ის აქ მეფეა და მართლა ფიქრობთ, რომ მას აწყობს, რომ თბილისში თავისუფლების მოედანზე ყოფილი კავკასიის მთავარმმართებლის - მეფინსაცვლის (დღევანდელი საკრებულოს) შენობაში, როგორც ადრე მეფის რუსეთის დროს, დაჯდეს "მეფის ნაცვალი" (პუტინის-ნაცვალი) ეფესბე-ს მაიორი ივანოვი, რომელიც ბრძანებებს გასცემს და მათ შორის, სავალდებულოს ივანიშვილისთვისაც?!

    ივანიშვილს აწყობს ის სტატუს-ქვო, რაც მას 2022 წლამდე ჰქონდა. არც რუსეთი და არც მაინც და მაინც NATO-სა და ევროპისკენ თავპირისმტვრევით სირბილი... სავაჭრო ადგილი ქვეყნიერების ოთხი მხარისთვის...

    სწორედ ამიტომ, არის რუსეთი მისით უკმაყოფილო და არაერთხელ უცდია მისი ჩანაცვლება სხვა ძალით.. მათ შორის, სულ ორიოდ-სამიოდ წლის წინ ძალიან გააქტიურებული ე.წ. "კონსერვატორებით" - "რუსოკონსერვებს" რომ ვეძახდი მე და მგონი, ეგ ტერმინი დავამკვიდრე კიდეც!

    ბიძინას თქვენზე და ჩემზე ნაკლებად როდი ეშინია რუსეთის და მის მიერ საქართველოს მმართველად გამოგზავნილი ეფესბე-ს მაიორ ივანოვის...

    ამიტომ, არსებობს თანხმობისთვის ელემენტარული მოლაპარაკების, დიალოგის ბაზა...

    როგორ მოვიქცეთ, რაზე შევთანხმდეთ, რომ ქალაქის საკრებულოს ანუ ადრინდელ კავკასიის მთავარმართებლის შენობაში, არ დაჯდეს მაიორი ივანოვი და მუხლებზე არ დაგვაყენოს ყველა - ყველაზე "მედასავლეთე" და "ქართული ოცნების" ყველაზე აგრესიული მხარდამჭერი ტიტუშკა?!

    ჩვენ კი ამ დროს ერთმანეთთან შეურიგებელ დაპირისპირებაში, ყველაზე ძვირფას რესურსს ვფლანგავთ - ეროვნულ ენერგიას.

    კი არ ვკამათობთ, ვჩხუბობთ ყველაფერზე. ვხლეჩთ საზოგადოებას.

    და გვავიწყდება, რომ არსებობს საკითხები, რომელთა წინაშეც არც ოპოზიცია არსებობს და არც ხელისუფლება.

    არსებობს მხოლოდ საქართველო:

    - არმია - პარტიული თემა არ არის.

    - ენერგოუსაფრთხოება - პარტიული თემა არ არის.

    - სტრატეგიული პარტნიორები - პარტიული თემა არ არის.

    - ეროვნული უსაფრთხოება - საერთოდ არ ცნობს პარტიული დროშის ფერებს.

    გითხარით და გავიმერებნ - იარაღის არსი ომი კი არა, შეკავებაა.

    ძლიერი თავდაცვა იმიტომ შენდება, რომ ომი არ დაიწყოს.

    სწორედ ამას ჰქვია სახელმწიფოებრივი სიბრძნე.

    ხშირად დამიწერია, რომ ქართველის პრობლემა ნიჭის ნაკლებობა არ არის.

    ჩვენი ყველაზე დიდი დეფიციტი - "კოლექტიური გონია".

    ერთი ქართველი არაფრით ჩამოუვარდება ერთ ფინელს, ერთ გერმანელს ან ერთ ფრანგს.

    მაგრამ როცა ვთქვათ, ფინელები ერთიანდებიან, მათი ძალა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ამას "სინერგია" ქვია!

    ჩვენთან კი ხშირად პირიქით ხდება - ერთმანეთის ენერგიას ვანეიტრალებთ, ვანულებთ! ერთს პლიუს ერტთი ქართველი ხუთი კი არა ორიცარ არის.. უმეტესად, ნული ქართველია!

    სინერგიის ნაცვლად - ურთიერთგანადგურებას ვირჩევთ.

    ეს ფუფუნებაა, რომლის უფლებაც პატარა სახელმწიფოს არასოდეს აქვს.

    შეიძლება, პოლიტიკურ საკითხებზე ვერასოდეს შევთანხმდეთ.

    მაგრამ სახელმწიფოს არსებობის ელემენტარულ პირობებზე შეთანხმება უკვე არჩევანი აღარ არის - ეს გადარჩენის წესია!

    მგლის წინაშე ერთმანეთთან გადაკიდებული ძაღლებიც კი ერთიანდებიან.

    ალბათ დროა, ძაღლებზე ცოტა მეტი სახელმწიფოებრივი გონება გამოვიჩინოთ.

    – რა დროა?

    – უკვე თორმეტს გადასცდა.

    - იმ წუთებმა, რომლებიც თითქოსდა დასალხენად გვქონდა, - ჩაიარა. მორჩა!

    ახლა უკვე მობილიზაციის დროა....

    დიალოგი - არა ხვალიდან! დღეიდან!“.

    მსგავსი სტატიები