კომენტარი
    2026-07-27 | 14:18

    ირაკლი ფავლენიშვილი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის შექმნაზე: როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები იწყებენ მნიშვნელოვანი, თუნდაც დეკლარირებული ღირებულებების დაცვას, არის ძალიან სახიფათო ქვეყანაში არსებული მდგომარეობისთვის

    ირაკლი ფავლენიშვილი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის შექმნაზე: როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები იწყებენ მნიშვნელოვანი, თუნდაც დეკლარირებული ღირებულებების დაცვას, არის ძალიან სახიფათო ქვეყანაში არსებული მდგომარეობისთვის

    ამ ქვეყანას ასეთი ორგანიზაციების არსებობის ძალიან მძიმე წარსული და გამოცდილება აქვს - როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები შეეცდებიან „მყისიერ რეაგირებას„ ეს დიდი ალბათობით კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც მძიმე მდგომარეობას და სამოქალაქო დაპირისპირებასთან მიგვიყვანს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ მოძრაობის დაფუძნებას.

    „ეს ადამიანები არ მალავენ საკუთარ კავშირებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან. რაც შეეხება ასეთ არაფორმალურ ორგანიზაციებს, ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე წარსული ასეთი ორგანიზაციების გამოცდილების და კარგად გვესმის, რომ როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები შეეცდებიან „მყისიერ რეაგირებას„ ეს დიდი ალბათობით კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც მძიმე მდგომარეობას. სამოქალაქო დაპირისპირებასთან და იმ მდგომარეობასთან მიგვიყვანს, რომელიც ყველას გვინდა, რომ თავიდან ავიცილოთ. ძალადობა ვერ იქნება შესაბამისი პასუხი, თუნდაც როდესაც სიწმინდეებს შეეხებათ საქმე.

    სამართლებრივ სახელმწიფოში, ინსტიტუციები უნდა მუშაობდნენ და იცავდნენ ყველაფერს, რაც არის ძვირფასი და ღირებული და არა არაფორმალური ორგანიზაციები. როდესაც არაფორმალური ორგანიზაციები იწყებენ მნიშვნელოვანი, თუნდაც დეკლარირებული ღირებულებების დაცვას, არის ძალიან სახიფათო ქვეყანაში არსებული მდგომარეობისთვის, მათ შორის სამოქალაქო დაპირისპირების კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

    ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.

    ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ.“

    მსგავსი სტატიები