რაც დღეს ილაპარაკა ვინმე კირცხალიამ, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთთან სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის განახლების დაანონსება - ნიკა გვარამია
რაც დღეს ილაპარაკა ვინმე კირცხალიამ, სხვა არაფერია, თუ არა რუსეთთან სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის განახლების დაანონსება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია წერს.
“ჯერ ოფიციალური კულტურული ღონისძიებებით დაიწყება, მერე მოყვება სპორტი, "ბიზნესმენთა ჯგუფები", და მსგავსი. ბოლოს იქნება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ოფიციალური უარი (2024ის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების მსგავსი ფორმით). კობახიძის და კალაძის 8 აგვისტოს განცხადებებიც, რა თქმა უნდა, ამის პრელუდიაა. და სწორედ ესაა ამოხსნა იმ "ანტირუსოფობიული" კამპანიის, რამდენიმე დღის წინ რომ დაიწყეს ქოცებმა ერთი შეხედვით გაუგებრად და აუხსნელად.
ნუ გადავიტანთ ყურადღებას მეორეხარისხოვან დეტალებზე: არ სჭირდება ჩვენი დაცვა არც სუხიშვილებს, არც ნიკა რაჭველს და არც პაატა ბურჭულაძეს. მთავარზე ვკონცენტრირდეთ: უმძიმესი ამბები გვიახლოვდება და სამშობლოა დასაცავი”, - წერს ნიკა გვარამია.
უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, რისი მაგალითია ე.წ. კულტურის მოღვაწეები, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ. მათ შორის კირცხალიამ დაასახელა “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე.