პოლიტიკა
    2026-09-21 | 12:18

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით  და, შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელშიც - შალვა პაპუაშვილი

    პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით  და, შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელშიც - შალვა პაპუაშვილი

    თავიდანვე ჩანდა, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი ფრონტის ნაწილი იყო, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

    „უშუალოდ არჩევნების წინ, 2024 წლის არჩევნებისას, კამპანიაც კი იყო- 4-5-9-25, რაც გულისხმობდა, რომ ნებისმიერისთვის ხმის მიცემა გულისხმობდა ერთი მიზნისთვის ხმის მიცემას. მაშინ, მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამას პირდაპირაც ამბობდა, ისე როგორც სხვები, რომ მოუწოდებდა მოქალაქეებს, ამ ოთხიდან ნებისმიერისთვის მიეცათ ხმა, ვინაიდან, საერთო ჯამში, მისცემდნენ ერთ მიზანს ხმას.

    ასე რომ, ეს თავიდანვე ცხადი იყო. მათ შორის, იმით, რომ მათ ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს. ერთი წელი არ შემოდიოდნენ პარლამენტში და იცით, რომ პირველ ჯგუფს დეპუტატებისა, მანდატები შეუწყდათ კიდევაც, რადგან ისინი არ ესწრებოდნენ პარლამენტის სხდომებს და მხოლოდ მაშინ, რაც 4 ოქტომბრის გადატრიალება ჩავარდა, მათივე აღიარებით, მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის გამო, შემოვიდნენ პარლამენტში. ჩვენ, მიუხედავად ამისა, მივეცით მათ შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, ეღიარებინათ კონსტიტუციური წესრიგი. თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა. არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს, შესაბამისად, ეს პარტია, არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და, შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

    „ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. „ქართულ ოცნებას“ უკვე წარდგენილი აქვს კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ და „ფედერალისტების“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

    მსგავსი სტატიები