პოლიტიკა
    2026-09-22 | 13:17

    ქვეყანაში ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა ჯერ არასდროს ყოფილა ასე ჩამოშლილი და დანგრეული, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ირაკლი კობახიძეს - ტატა ხვედელიანი

    ქვეყანაში ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა ჯერ არასდროს ყოფილა ასე ჩამოშლილი და დანგრეული, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ირაკლი კობახიძეს - ტატა ხვედელიანი

    „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საქართველოში განათლების სისტემაში „სრული კოლაფსია“, რაზეც, მისი შეფასებით, პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ეკისრება.

    როგორც ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში სკოლების გარეშე დაახლოებით 4 000 მოსწავლე და 400-მდე მასწავლებელი დარჩა, ასევე, სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვი კლინიკებში გადაიყვანეს.

    მისი თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში რამდენიმე სკოლა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიხურა, მათ შორის თბილისის 21-ე, წყალტუბოს მე-2, სენაკის მე-3, ხაშურის მე-5 და მე-7, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს, ქუთაისის მე-17, მისაქციელის, ველისციხის, გურჯაანისა და მარტვილის სკოლები.

    „არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა, რომლებსაც არც ერთი ანგარიშვალდებული უწყება არ პასუხობს. თუ შენობები ბავშვებისთვის საშიში იყო, რატომ დაიწყო იქ სწავლა? თუ რეაბილიტაციის აუცილებლობა დადგა, რატომ არ არსებობს კრიზისული გეგმა და ალტერნატიული ვარიანტები?“ - განაცხადა ხვედელიანმა.

    მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყებები მოსახლეობას ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის, შესაძლო მიზეზებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაციას არ აწვდიან.

    ხვედელიანმა არსებული მდგომარეობა ხელისუფლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პასუხისმგებლობას დაუკავშირა.

    „ქვეყანაში ისედაც გამოწვევების წინაშე მდგომი განათლების სისტემა ჯერ არასდროს ყოფილა ასე ჩამოშლილი და დანგრეული, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ირაკლი კობახიძეს,“ - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.