პოლიტიკა
    2026-09-25 | 14:46

    ენმ-ის წევრმა ქალებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

    ენმ-ის წევრმა ქალებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

    ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქალებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

    აქციის მონაწილეებმა ადგილზე შპრიცები მიიტანეს, რომელიც, მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობისა და ქვეყანაში ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების სიმბოლოს წარმოადგენს.

    „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ნარკოტიკებთან ბრძოლის მიმართულებით სათანადო ზომებს არ იღებს და ივანიშვილი ქვეყანაში ნარკობიზნესს ხელს აფარებს.

    „ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა „ბარიგების“ დიდ თავშესაფრად აქცია, რადგან თვითონ არის ამ ქვეყნის მთავარი „ბარიგა“, რომელიც ნარკობიზნესს ხელს აფარებს და ახალგაზრდებს ყოველდღიურად გვიკლავს“, – განაცხადა წითლიძემ.

    მისივე თქმით, 2026 წელს ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად არაერთი ახალგაზრდა დაიღუპა. წითლიძემ კონკრეტული შემთხვევები დაასახელა და განაცხადა, რომ ნარკოტიკების პრობლემა პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად ყველა ოჯახს ემუქრება.

    „ნარკოტიკი არ არჩევს პოლიტიკურ კუთვნილებას, არ არჩევს, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრის შვილია თუ „ქართული ოცნების“ – ის ჩვენს შვილებს ერთნაირად კლავს“, – განაცხადა მან.

    წითლიძის განცხადებით, აქციის მონაწილეები, მათ შორის დედები, ქალები, ბებიები და დები, ხელისუფლებას ახალგაზრდების უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვენ.

    „ჩვენ დღეს ვეუბნებით ქვეყნის მთავარ „ბარიგას“ – ნუ გვიკლავ შვილებს!“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

    მსგავსი სტატიები