პოლიტიკა
    2026-09-29 | 15:51

    კალაძის ცხრა წელი კორუფციის, უკანონობის, უსამართლობისა და ვერ აღებული პასუხისმგებლობების ცხრა წელია - ირაკლი კუპრაძე

    კალაძის ცხრა წელი კორუფციის, უკანონობის, უსამართლობისა და ვერ აღებული პასუხისმგებლობების ცხრა წელია - ირაკლი კუპრაძე

    „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, თბილისის მერის, კახა კალაძის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში წინასაარჩევნო დაპირებების უმრავლესობა არ შესრულებულა.

    როგორც კუპრაძემ განაცხადა, კალაძის მმართველობის ცხრა წელი „კორუფციის, უკანონობის, უსამართლობის, ტრაგედიებისა და ვერ აღებული პასუხისმგებლობების ცხრა წელია“.

    „2017 წელს, ზუსტად ცხრა წლის წინ, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან კახა კალაძის ერთ-ერთი პირველი პრეზენტაცია ჩატარდა. ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ და ის თბილისის არჩევნებზე მესამე ვადით წავიდა. ამ ცხრა წლის განმავლობაში, 2017 წლიდან მოყოლებული, მის მიერ გაცემული დაპირებების სრული უმრავლესობა არ არის შესრულებული“, - განაცხადა კუპრაძემ.

    მისივე თქმით, 2017 წელს კალაძე ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგის, ხოლო თბილისის მასშტაბით 10 დიდი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას აანონსებდა.

    „ამ დროის განმავლობაში თითქმის 50 000-ით შემცირდა საპარკინგე ადგილების რაოდენობა ქალაქში, მაგრამ კალაძემ თბილისელებს უზარმაზარი საჩუქარი გაუკეთა და სხვადასხვა ჯარიმა, ზოგი 100%-ით, ზოგიც 150%-ით გაზარდა. 2026 წელს კალაძემ უკვე ჯარიმების რეკორდული მაჩვენებელი ამოიღო თბილისელების ჯიბიდან“, - აღნიშნა მან.

    კუპრაძემ ასევე ისაუბრა თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს პროექტზე და განაცხადა, რომ აღნიშნული დაპირება არ შესრულებულა.

    „2018 წელს კალაძემ დააანონსა, რომ თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მიწისზედა მეტრო აშენდებოდა. რვა წელი გავიდა და კალაძემ ესეც არ შეასრულა. რუსთავსა და თბილისს შორის დღეს არის სატრანსპორტო კოლაფსი, რომელზეც პასუხისმგებლობა დღემდე არ აუღია“, - განაცხადა კუპრაძემ.

    მისივე თქმით, კალაძის მმართველობის პერიოდში თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს საკითხზე კვლევისთვის 12 მილიონი ლარი დაიხარჯა.

    კუპრაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე მეტროსადგურებთან დაკავშირებულ დაპირებებზე და განაცხადა, რომ არ შესრულებულა დაპირება რვა ახალი მეტროსადგურის მშენებლობის შესახებ.

    „ახმეტელის მეტროს უნდა ჰქონოდა 2024 წელს ახალი მეორე ამოსასვლელი, რადგან ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია, თუმცა ეს არ აშენდა. იგივე მდგომარეობაა მარჯანიშვილის მეტროსთან. მან დადო პირობა, რომ 2026 წელს თბილისელები მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელით შეხვდებოდნენ, თუმცა ესეც არ შესრულდა“, - განაცხადა მან.

    კუპრაძის შეფასებით, ასევე პრობლემად რჩება გურამიშვილის მეტროს რეაბილიტაცია.

    მისივე თქმით, კალაძის მიერ დაანონსებული პროექტებიდან არ განხორციელებულა მტკვარზე დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის მიმართულებით, ასევე ვეფხისა და მოყმის ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობა.

    „სადმე ხედავთ ვეფხისა და მოყმის წრიულთან რაიმე სატრანსპორტო კვანძს ან დამაკავშირებელ ხიდს მეორე სანაპიროსთან? ვერ ხედავთ“, - განაცხადა კუპრაძემ.

    „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის განცხადებით, თბილისის მერიის პასუხისმგებლობაში არსებული პროექტებისა და პრობლემების ნაწილი კვლავ მოუგვარებელია, მათ შორის ნაგავსაყრელის საკითხი.

    კუპრაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია გააგრძელებს კალაძის მმართველობის პერიოდში გაცემული დაპირებებისა და მათი შესრულების საკითხზე საუბარს.

    „კალაძის კორუფციული ტყუილსა და უპასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ცხრა წელი დასრულების პირას არის. ვამბობ და პერსონალურად კალაძეს ვპირდები, კორუმპირებულ „ქართულ ოცნებას“ არ მოგეშვებით და ყველა იმ პირობას, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა ტყუილი და გადაგდება, თბილისელებს ყოველდღიურად გავახსენებთ“, - განაცხადა კუპრაძემ.