მივმართავ იუსტიციის მინისტრს, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აიღოს... ჩვენი გუნდი გამოიყენებს ყველა საპარლამენტო მექანიზმს, რომ აღნიშნული უმძიმესი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე - სოფო ხორგუანი
„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი სოფო ხორგუანი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ხორგუანმა განაცხადა, აუცილებელია დავითაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ გამოძიება დაიწყოს და დაზარალებულის ფიზიკური უსაფრთხოება იყოს დაცული.
„„ოცნების“ მმართველობის 14 წლის თავზე ვიგებთ საგანგაშო ინფორმაციას, რომ 31 წლის ახალგაზრდა კაცი პენიტენციურ დაწესებულებაში გააუპატიურეს. ამ უმძიმეს ამბავში რაც ყველაზე საგანგაშოა, ამაზე საუბრობს თავად მსხვერპლი თავის სასამართლო პროცესზე.
„ოცნება“ არის პარტია, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მემკვიდრეობა გააგრძელა - სასამართლოში ყოფილი „ნაცი“ მოსამართლეებით, პარლამენტში ყოფილი „ნაცი“ დეპუტატებით და ხელისუფლებაში - ყოფილი „ნაცი“ მინისტრებით. შესაბამისად, ამ პირობებში საზოგადოებაში არ არსებობს ნდობა, რომ იგივე არ ხდება ციხეებშიც.
მოვითხოვოთ სასწრაფო გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე, ყველა კადრის სრულად გასაჯაროება, გამოძიების მიმდინარეობისას პენიტენციური სისტემის შესაბამისი ხელმძღვანელისა და მხილებული პირების უფლებამოსილების შეჩერება გამოძიების დასრულებამდე და დაზარალებული ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა.
ჩვენი გუნდი გამოიყენებს ყველა საპარლამენტო მექანიზმს, რომ აღნიშნული უმძიმესი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ჩვენი პარტიის ფრაქციის დეპუტატები შევხვდებით პატიმარს, ამ უმძიმეს ფაქტს ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს და საზოგადოებას მივაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას.
მივმართავ პირადად პაატა სალიას, პასუხისმგებლობა აიღოს ამ ადამიანის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა სოფო ხორგუანმა.
ცნობისთვის, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის განცხადებით, რომელიც მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გააკეთა, მას N6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. დავითაძის თქმით, შემთხვევა დეესკალაციის ოთახში მოხდა და მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. მისივე მტკიცებით, მომხდარი ვიდეოკამერებშია ასახული.
საკითხს სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა და დავითაძის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა. სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.