პოლიტიკა
    2026-10-04 | 13:51

    ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ რომ ეს გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო - კახა კალაძე

    ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ რომ ეს გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო - კახა კალაძე

    დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 4 ოქტომბრის საქმე შეაფასა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი გარედან იმართებოდა, რის გამოც დასავლეთისგან რაიმე სახის რეაგირების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

    ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ მოჰყოლია ერთი წლის გასვლის შემდეგაც სათანადო რეაგირება 4 ოქტომბრის მოვლენებს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროცესი, რომლის დაგმობაც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არ მომხდარა.

    „ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ევროპიდან რაიმე რეაგირება მოჰყვებოდა ან მოჰყვება მომავალში იმას, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, იმიტომ რომ ეს გარედან დალაგებული სცენარი და თემა იყო. გარედან იმართებოდა აღნიშნული პროცესი. გავიხსენოთ,  მთელი თვეების განმავლობაში როგორი კამპანია მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით, ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით. არც მაშინ მოუსმენია ვინმეს ერთი განცხადებაც კი და არც მერე, როდესაც სცადეს სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რომ მომხდარი დაეგმოთ.

    გახსოვთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე გადაანგრიეს, მცდელობა ჰქონდათ შენობაში შეჭრილიყვნენ, თუმცა, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს მაღალკვალიფიციურად, ჩაატარეს შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე ადამიანი დაკავებულიც არის და სისხლის სამართლის პასუხისმგებაში არის მიცემული. ზოგიერთმა მათგანმა აღიარა დანაშაული. ეს ადამიანები დღეის მდგომარეობით, ვინც დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ აღიარა, გათავისუფლებულები არიან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

    გარდა ამისა, კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, პაატა ბურჭულაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა, სადაც ის წერს, რომ „ქართველმა ხალხმა უარი უთხრა „ქართულ ოცნებას“.

    „რა უნდა ვუპასუხო მას? პაატა ბურჭულაძეს როგორ შეიძლება სერიოზულად უპასუხო? მისი ქმედებები გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა ეს ადამიანი, რა განცხადებებს აკეთებდა და როგორ დაამთავრა. მე მგონი ყველაფერი ცხადი და ნათელია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

    მსგავსი სტატიები