ეკონომიკური ზრდით მიღებულმა ფულმა მოქალაქეების ჯიბეებს გვერდი აუარა და ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წრეებში გადაინაცვლა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის ცხოვრების დონე 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, ეკონომიკური სარგებელი კი, მისი შეფასებით, ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ხელში აღმოჩნდა.
ამის შესახებ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ ფულმა გვერდი აუარა თქვენს ჯიბეებს და გადაედინა ივანიშვილის, კალაძის, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, მდინარაძის, ჩხარტიშვილის, გილაურების, პაპაშვილების და მრავალი სხვა წევრის წრეებში, რომელთაც გადააქციეს საქართველო რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ახალი ქალაქები შენდება, თუმცა ეს პროექტები, მისი შეფასებით, ქართველების ნაცვლად არაბებზეა გათვლილი.
სააკაშვილი სასამართლო პროცესზე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირებულ ინფორმაციას. მისი მტკიცებით, ნოღაიდელმა პროკურატურისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ბიზნესში წილი მიიღო, ხოლო სასამართლოში ჩვენების მიცემიდან ხუთ დღეში ეს წილი დაკარგა.
„თქვენ გახსოვთ, ამ დარბაზში, აქ იდგა ჩემი მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურა ნოღაიდელი, რომელიც აძლევდა ჩვენებას ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ დღეებში პრემიერად წოდებული კობახიძის პირით შევიტყვეთ შემდეგი ამბავი: თურმე ნოღაიდელმა, მას შემდეგ, რაც პირველად ჩვენება მისცა პროკურატურას, 10 წლის წინ, მოიპოვა უფლება და აზერბაიჯანიდან საქართველოში დენის შემოტანის წილში ჩაჯდა, გააკეთა მრავალი მილიონი ამ ბიზნესში და მერე, რაც ნოღაიდელმა საბოლოოდ მისცა ამ დარბაზში ჩვენება, იქიდან 5 დღეში ამოაგდეს წილიდან.
საქმე მოათავა, საქმე შეასრულა - ასე იცის ჯაყომა! რაში გჭირდებოდათ? ამის ნახევარი ფული მოგეცათ ჩემთვის, უფრო მეტ საქმე მოვახმარდი, ვიდრე ნოღაიდელი და ყველანაირ ჩვენებასაც მოგცემდით, რასაც თქვენ ითხოვდით. გეგმა მომზადებულია, ყველაფერზე შეთანხმებულები არიან, ივანიშვილს უთხრეს, უბიძგეს, რომ როცა დენი გაითიშა ბიტკოინების გამო, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ხელშეწყობით და უთხრეს, რომ ახლა იმოქმედეთო,”- – განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.