პროკურატურა ვალდებულია, დავით ოქიტაშვილის განცხადების საფუძველზე საკითხი შეისწავლოს - თენგიზ შარმანაშვილი
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, დავით ოქიტაშვილის განცხადების შემდეგ საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, საკითხით დაინტერესდეს და მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები შეისწავლოს.
„ჩემი კითხვები ამ შემთხვევაში ძალიან უწყინარი იქნება. მთავარია ახლა, რა კითხვები ექნება საქართველოს პროკურატურას, იმიტომ რომ ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია შეამოწმოს — დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას.
თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს. ჰკითხავს მდინარაძესაც, შარმანაშვილსაც, პეტრიაშვილსაც, ყველას, თუ რამე საფუძველი იქნება და ასეც უნდა მოიქცეს. ასე რომ, დაველოდოთ სამართლებრივ პროცედურას“, — განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თინათინ რუხაძეს, მისი საქმიანობის მიზანმიმართულ შეზღუდვასა და საკუთარი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს.
ოქიტაშვილი სამართალდამცავ უწყებებს ყოფილი მინისტრის საქმიანობის შესწავლისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ მიმართვაში ის პროკურატურასა და აუდიტს პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების გასაჯაროებასაც სთხოვს.