პოლიტიკა
    2026-10-15 | 14:41

    „ქართული ოცნება“ ფორსირებულად ახორციელებს საქართველოს დემოკრატიის საბოლოო მარცვლების მოსპობას და ამ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას - გრიგოლ გეგელია

    „ქართული ოცნება“ ფორსირებულად ახორციელებს საქართველოს დემოკრატიის საბოლოო მარცვლების მოსპობას და ამ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას - გრიგოლ გეგელია

    „ლელო – ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის დაწყება საქართველოში დიქტატურის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

    გეგელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოქმედებებს ევროპული კავშირისა და ცივილიზებული სამყაროს მხრიდან მკაცრი პასუხი მოჰყვება.

    „ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი, პირდაპირ, ფორსირებულად ახორციელებს საქართველოს დემოკრატიის საბოლოო მარცვლების მოსპობას და ამ ქვეყანაში დიქტატურის ჩამოყალიბებას. რა თქმა უნდა, ევროპულ კავშირს და სრულიად ცივილიზებულ სამყაროს ექნება ამაზე ადეკვატური და ბევრად უფრო ხისტი და მკაცრი პასუხი, ვიდრე რომელიმე „ქოცს“ დღეს წარმოუდგენია“, – განაცხადა გეგელიამ.

    მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის ინიციატივით მსოფლიოს უჩვენებს, რომ მისი მიზანი ერთპარტიული მმართველობის დამყარებაა.

    „ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართული ოცნება“ ემსახურება რუსეთს და დღეს საკუთარი მოქმედებით და მათ შორის, ამ ფორსირებული კამპანიით „ქართული ოცნების“ რეჟიმი მთელს მსოფლიოს ეუბნება, რომ მისი მიზანი არის ერთპარტიული რუსული კორუმპირებული ჭაობი და დიქტატურა“, – აღნიშნა მან.

    გეგელიას შეფასებით, აღნიშნული პროცესი საქართველოში ხელისუფლების მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული ანტიევროპული კურსის გაგრძელებაა და მას შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოჰყვება.

    ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული.