ფაშისტური მმართველობის ადრეული პერიოდის გერმანიისგან განსხვავებით, ჩვენთან გადაწყვეტილებას სასამართლო კი არა, ერთი ადამიანი იღებს, იმ ერთ ადამიანს თავისი შიშები და ოფოფები უზის თავში - რომან გოცირიძე
ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ისევ ტრადიციული, სრულიად უაზრო კამათი წამოიწყეს იმის შესახებ, ღირს თუ არა ისეთ პროცესში მონაწილეობა, სადაც რეჟიმთან დაპირისპირება თითქოს წინასწარ განწირულია. ეს უსუსურობისა და წინასწარი კაპიტულაციის გამოვლენაა.
ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების გაუქმების საკითხზე მონაწილეობა-არმონაწილეობა გახდა განხილვისა და დაპირისპირების საგანი.
აი, მსოფლიო ისტორიაში შესული ერთი ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ იქცა ბრალდებული ბრალმდებლად:
ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სასამართლო პროცესი 1933 წელს, რაიხსტაგის (გერმანიის პარლამენტის) დაწვის შემდეგ გაიმართა. ნაცისტურმა რეჟიმმა გადაწყვიტა, ხანძარი კომუნისტებისთვის დაბრალებინა, რათა ოპოზიციის მასობრივი რეპრესიები გაემართლებინა. მთავარი ბრალდებული ბულგარელი პოლიტიკოსი გიორგი დიმიტროვი გახდა. ნაცისტებს შოუ-პროცესის მოწყობა სურდათ, თუმცა მოვლენები სრულიად სხვანაირად განვითარდა:
-დიმიტროვმა სასამართლო დარბაზი ნაცისტების წინააღმდეგ მიმართულ ტრიბუნად აქცია;
-მან უარი თქვა გერმანელ ადვოკატზე, დამოუკიდებლად ისწავლა გერმანული სამართალი და ენა, რათა თავი თავად დაეცვა;
-მან თავის მართლება კი არ დაიწყო, არამედ პირდაპირ დაამტკიცა, რომ ხანძარი თავად ნაციონალ-სოციალისტების მოწყობილი იყო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად;
-პროცესის კულმინაცია ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი ლიდერის, ჰერმან გერინგის დაკითხვა გახდა. დიმიტროვის მწვავე შეკითხვებით გაცოფებულმა გერინგმა კონტროლი დაკარგა, ყვირილზე გადავიდა და მას სახრჩობელით დაემუქრა-ამით კი ნაცისტების აგრესიული ბუნება მთელ მსოფლიოს დაანახა;
-მან იცოდა, რომ დარბაზში უცხოელი ჟურნალისტები ისხდნენ და ყოველი გამოსვლა მსოფლიო ანტიფაშისტური პროპაგანდისთვის გამოიყენა.
შედეგი? მტკიცებულებების სრული არარსებობისა და საერთაშორისო რეზონანსის გამო, გერმანიის სასამართლო იძულებული გახდა, დიმიტროვი სრულად გაემართლებინა.
ეს შემთხვევა ისტორიაში შევიდა, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა არგუმენტებითა და სიმამაცით რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანა დაამარცხოს.
ეს ისტორია ერთი რამითაც არის დამაფიქრებელი: თითქმის ასი წლის წინანდელი ფაშისტური სასამართლო ბევრად დამოუკიდებელი ყოფილა, ვიდრე „ოცნების“ ხელისუფლების ამჟამინდელი ამორალური და მარიონეტული სასამართლო.
იმდროინდელი, ფაშისტური მმართველობის ადრეული პერიოდის გერმანიისგან განსხვავებით, ჩვენთან გადაწყვეტილებას სასამართლო კი არა, ერთი ადამიანი იღებს. იმ ერთ ადამიანს თავისი შიშები და ოფოფები უზის თავში. ამ შიშებზე ზემოქმედებისთვის კი სასამართლო პოლიტიკური ბრძოლის საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული და არა წინასწარი კაპიტულაციისათვის.“