სოცმედია
    2026-11-20 | 11:37

    იქნებ ახლა მაინც მიხვდეს სახელმწიფო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და რაღაც რადიკალურად შესაცვლელია -  მაგდა პოპიაშვილი

    იქნებ ახლა მაინც მიხვდეს სახელმწიფო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და რაღაც რადიკალურად შესაცვლელია -  მაგდა პოპიაშვილი

    ჟურნალისტი, თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

    “90-იანების დანაშაულებს ვიმკით დღესაც და ჭკუასაც ვერ ვსწავლობთ! ამიტომაც არ გადის ზამთარი მსხვერპლის, ცრემლისა და გლოვის გარეშე! არასდროს, არასდროს სახელმწიფოს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობა არ გაუაზრებია, არ გადაუდგამს ის ნაბიჯები, რასაც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება გადადგამდა!

    მარტივია, ხელი გაიშვირო რიგითი მოქალაქისკენ და თქვა - „უსაფრთხოების წესი დაარღვია“, მაგრამ რთულია, ილაპარაკო სისტემაზე, რომლის გაუმართაობასაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება!

    როგორ ფიქრობთ, ვინმე საკუთარი სურვილით ირჩევს სიცოცხლისთვის საშიშ გამათბობელს?! რა თქმა უნდა, არა! ამას ადამიანების სიღარიბე, უალტერნატივობა და ათწლეულების განმავლობაში მოშლილი სისტემა აიძულებს! ახლა 90-იანები რომ არ არის და გაზი რომ გვაქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ სისტემა გამართულია.

    როგორ მოვედით აქამდე? ვინც ის საშინელი 90-იანები გამოვიარეთ, ენერგობლოკადის პარალელურად, კარგად გვახსოვს დიდი კორუფციული სკანდალებიც. სახელმწიფოს მიერ დაგროვებული ვალებიც გვახსოვს და ისიც, როგორ და ვისი წყალობითაც გროვდებოდა ეს ვალები; როგორ აღურიცხავად, ე.წ. „ლევად“ იხარჯებოდა შემოსული გაზის უდიდესი ნაწილი, როგორ მოიხმარდნენ ამ გაზს მაშინდელი საწარმოები და იმის გამო, რომ გამრიცხველიანება არ არსებობდა, ნაცვლად ოფიციალური გადასახადებისა, როგორ უკუჭავდნენ მაყუთს მაშინდელ ჩინოვნიკებს ჯიბეებში. გვახსოვს, კი, გვახსოვს!

    საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებიც გვახსოვს, იმ კომისიების დადებული დასკვნებიც და დაუსჯელი მაღალჩინოსნებიც! ვისაც არ გახსოვთ, მარტო თურქმენული გაზის ამბები მოიძიეთ, 400 მილიონ დოლარზე მეტი იყო ვალი და მერე, 2000-იანების დასაწყისში, როგორ გავისტუმრეთ ეგ ვალი, ეგეც.

    ანდა, ერთი-ორს მე გეტყვით - მაგალითად, ისანში შეკერილი „ინსპექტორები“, რომლის ჩაცმასაც ბორკილების ფეხებზე დადება ჯობდა, თითო წყვილი 250 დოლარად შევტენეთ თურქმენებს, უხარისხო, აგურშერეული ჩაიც შევტენეთ, წყალწყალა ღვინოც და რავი, რა აღარ. ბარტერს ვაკეთებდით და აქედანაც ჩვენი ჩინოვნიკები მაყუთს შოულობდნენ!

    ხომ გამდიდრდნენ მაშინდელი ჩინოვნიკები და ძელეცები ჩვენი გაყინვის ხარჯზე? ახლა ამ ყველაფერს ისიც დაუმატეთ, რომ, პარალელურად, სრულიად მშვიდად გაიძარცვა სახელმწიფო ქონება! ჯართად გაიყიდა მაგისტრალური მილები, საქვაბეები, უგაზოდ დარჩენილმა მოსახლეობამ კი ბინებში რადიატორების მოჭრა დაიწყო. კი, ეგეც ჯართში წავიდა და იმ აღებული ფულით პურის რიგებში იდგნენ ადამიანები!

    მერე, როცა მდგომარეობა ცოტა გამოსწორდა, ქსელები იმდენად დაზიანებული და გაძარცვული იყო, რომ გაზის მიწოდება რამდენიმე უბანში თუ მოახერხეს. მაგის გამო, 2000 წლის მონაცემებით, თბილისში გაზს მხოლოდ 67 000 აბონენტი იღებდა. უფრო მოგვიანებით კი, როცა გაზმომარაგება აღდგა, ეს ქსელები იმდენად განადგურებული იყო, მამაზეციერიც ვეღარ უშველიდა! ჰოდა, დავიწყეთ კუსტარული გამათბობლების დამონტაჟება. ანდა, სხვა რაღა უნდა გვექნა?!

    ისე უპასუხისმგებლოდ, ისე ნაგვურად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საკუთარ ქვეყანას ბევრი არ მოქცევია, როგორც ჩვენ!

    აბა, ვნახოთ, რა მოხდა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

    მაგალითად, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, უკრაინაში... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათაც ისევე გამოიარეს ეკონომიკური შოკი, როგორც ჩვენ; კი, ნაკლებად, მაგრამ მათაც ჰქონდათ რუსეთის მხრიდან ენერგოზეწოლა, მაგრამ მათ როგორღაც მოახერხეს, ამ ქსელების ფიზიკური ძარცვა თავიდან აიცილეს და ცენტრალური გათბობის სისტემები ჯერ შეინარჩუნეს, შემდეგ კი, ევროკავშირის, EBRD-ისა და სხვა დონორების დახმარებით, ამ სისტემების ეტაპობრივი მოდერნიზაციაც მოახერხეს ზუსტად ისეთ საბჭოთა კორპუსებში, როგორებიც ჩვენთანაა!

    ამ ქვეყნებში კანონმდებლობით აიკრძალა მრავალბინიან კორპუსებში რომელიმე ბინის ცენტრალური გათბობის ქსელიდან თვითნებური ჩახსნა და სწორედ ამით აიცილეს თავიდან კუსტარული გამათბობლებით სახლების გამოტენვა. გარდამავალ პერიოდში ტარიფებსაც ბიუჯეტიდან ასუბსიდირებდნენ იმისათვის, რომ მოსახლეობას გადახდა შეძლებოდა.

    ჩვენ? ჩვენ რომ უკვე დანგრეულ-განადგურებული აღგვედგინა, იმხელა ინვესტიცია იყო საჭირო, აბა, რას გავწვდებოდით? ამიტომაც, სახელმწიფომაც და მოსახლეობამაც, ეს ე.წ. ინდივიდუალური გამათბობლების სისტემა აირჩია, თუ ამას სისტემა ჰქვია, რა თქმა უნდა. ეს გამათბობლები, წყლის გამაცხელებლები, ზოგი ფანჯრებიდან გამოვარჭეთ, ზოგი პირდაპირ სავენტილაციო შახტებში გავუშვით, არადა, ეგ შახტები მაგისთვის სულაც არ არის გათვლილი, მაგრამ რა გვექნა? გათბობაც გვჭირდებოდა და ცხელი წყალიც, ზოგჯერ ჩვენი სიცოცხლის სანაცვლოდაც კი, სამწუხაროდ.

    90-იანების შემდეგ, კი, რა თქმა უნდა, წინ წავიწიეთ - რეგულაციები გავამკაცრეთ, რეგლამენტები შევიმუშავეთ. მაგალითად, ავკრძალეთ ღია წვის კამერიანი და კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარები, ნამწვის სავენტილაციო არხებში შეშვებაც აკრძალულია, გარეთ გამორჭმულ მილებსაც თავისი წესი და რიგი აქვს, მაგრამ აბა, რანაირად უნდა დავიცვათ ეს ყველაფერი, როცა ბევრ ჩვენგანს 20 წლის წინ დაყენებული, ვადაგასული გამათბობელი გვიდგას ჯერაც და ალტერნატივა ასეთი გვაქვს: ან ამის შეცვლა, ან შვილების გამოკვება?! და თუ მოვახერხეთ და გამოვცვალეთ, სერტიფიცირებული ხელოსნის ნაცვლად, ელიავადან მოყვანილი ყველაფერჩიკი დაგვიყენებს და მხოლოდ ეშმაკმა იცის, გაჟონავს თუ გადავრჩებით!

    ანდა, რომ ავკრძალეთ, განა არ ვიცით, რომ ბაზარზე მაინც იყიდება ისეთი დანადგარები, რომელთა დამონტაჟებაც კორპუსებში აკრძალულია? ვიცით, რა თქმა უნდა. ვინც არ იცის და ენერგოომბუდსმენის ანგარიშებში ჩაიხედოს, ამოიკითხავს.

    ჰო, სანქციებიც შემოვიღეთ - რომელ ბინაშიც ამგვარ დანადგარს წავაწყდებით, დავლუქავთ, მაგრამ შემდეგ ბინის მეპატრონე იმ ლუქს მოაძრობს და ისევ გააგრძელებს მის მოხმარებას. ან საერთოდაც, სახლში არ შეგიშვებს, კერძო საკუთრებაში კი ძალით ვერ შეხვალ, რა თქმა უნდა.

    ზემოთაც დავწერე და ახლაც გავიმეორებ - არავის უნდა, სიკვდილის „გამათბობელი“ ედგას სახლში, მაგრამ ვერ ცვლის, ადამიანო, ვერ! არ ემეტება ისედაც ძლივს ნაშოვნი ორი კაპიკი ამისთვის!

    და ამ დროს შენ, ხელისუფალი, ცენტრალური თუ ადგილობრივი, რას აკეთებ?! რაზე ფიქრობ?!

    ხომ ხედავ, რომ მხოლოდ აკრძალვები, გაზის ჩაჭრა, მოსახლეობის დადანაშაულება პრობლემას ვერ აგვარებს?! ადამიანს გაზს რომ ჩაუჭრი და ალტერნატივას არ მისცემ, ის მაგ შენს კანონ-რეგულაციებსაც დაარღვევს და ისევ ამ საშიშ გზას აირჩევს, რომ ოჯახი არ გაეყინოს!

    რატომ არ შეიძლება, რომ მიზნობრივ პროგრამებზე იფიქროთ?

    მაგალითად, სოცდაუცველ და დაბალშემოსავლიან ოჯახებს, ზოგს უფასოდ, ზოგსაც თანადაფინანსებით, სიცოცხლისთვის საშიში გამათბობლები რომ უსაფრთხო, დახურული წვის კამერიანი დანადგარებით ჩაუნაცვლოთ და CO დეტექტორებით აღჭურვოთ, განა არ შეიძლება? განა რა დაჯდება? მეტროს ვაგონების შეკეთებიდან 41 მილიონის სახლში წაცუნცულება კი შეიძლება და ეს - არა?!

    ანდა ძველ კორპუსებში სავენტილაციო შახტების გაწმენდა და რეაბილიტაცია სრულად თქვენს თავზე რომ აიღოთ და ჯიბეგაფხეკილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას არ დაელოდოთ, თანადაფინანსებაზე როდის მოგმართავთ, ეგ არ შეიძლება? საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი ფულის შეთქვლეფა ხომ კარგად შეიძლება?!

    ან რა გახდა, რომ ბაზრიდან ამ მკვლელი გამათბობლების ამოძირკვა ამდენი ხანი ვერ მოახერხეთ? რა იყო, მაქედანაც წილი რომელიმე ჩინოვნიკს ხომ არ მისდის?!

    დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, აი, ასე „პასუხისმგებლიანად“ ვეკიდებით ამ ერთ, კონკრეტულ საკითხს. საკითხს კი არა, ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და არ დადგა დრო, როცა ხელისუფლება ცოტა მეტს იფიქრებს, ცოტა მეტს იზრუნებს. ათასჯერ გადაბრუნდა უკვე ურემი, მაგრამ ჩვენმა ჩინოვნიკებმა გზა მაინც ვერ დაინახეს.

    90-იანი წლების კორუფციისა და უპასუხისმგებლო მმართველობის შედეგებს დღესაც საკუთარი სიცოცხლით ვიხდით. თქვენ ნუღარ დაუმატებთ, საკმარისია!

    გისამძიმრებთ ყველას იმ უმძიმეს ტრაგედიას, რაც გუშინ თავს დაგვატყდა, პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახებს.

    იქნებ ახლა მაინც მიხვდეს სახელმწიფო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და რაღაც რადიკალურად შესაცვლელია!”