ვახო სანაიასთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის საკითხს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა.
19 ოქტომბერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ვახო სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის საფუძვლით 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ივლისში ჟურნალისტმა დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 დღე გაატარა, რაც ასევე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უკავშირდებოდა.
ინსტიტუტის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ისევე როგორც მსგავს საქმეებზე მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით საყურადღებოა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობისა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
„გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. აზრის გამოხატვისთვის ადამიანისთვის თუნდაც მინიმალური ვადით თავისუფლების შეზღუდვა კი ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას (მე-17 მუხლი), ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას (მე-10 მუხლი)“, — ნათქვამია განცხადებაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე — Lingens v. Austria — მიუთითებს და აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს არა მხოლოდ მისაღებ და უწყინარ მოსაზრებებს, არამედ ისეთ განცხადებებსაც, რომლებმაც შეიძლება პირი გააღიზიანოს, შოკში ჩააგდოს ან შეურაცხყოს.
ინსტიტუტის შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული, მათ შორის, წვრილმანი ხულიგნობისთვის გაზრდილი საპატიმრო სანქცია — 60 დღემდე ვადით — არაპროპორციულია დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობების გათვალისწინებით და შესაძლოა, ადამიანის სხვა მნიშვნელოვანი უფლებების დარღვევაც გამოიწვიოს.
„დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე“, — აღნიშნავს ინსტიტუტი და მიუთითებს იზოლატორებში არსებულ არასათანადო ჰიგიენურ და სანიტარიულ პირობებზე, აგრეთვე სათანადო კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რაც, განცხადების თანახმად, განსაკუთრებით მძიმეა ხანგრძლივი ვადით მოთავსებული პირებისთვის.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ადმინისტრაციული პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. არასათანადო პირობებში ხანგრძლივმა მოთავსებამ კი შესაძლოა წარმოშვას ადამიანის ღირსების დაცვის, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის რისკები.
ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ აღნიშნული უფლებები დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით.