პოლიტიკა
    2026-11-02 | 12:52

    სად მიდის მილიონობით ლარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თავისუფლების მოედანი“

    სად მიდის მილიონობით ლარი მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თავისუფლების მოედანი“

    პარტია „თავისუფლების მოედანი“ მიუსაფარი ცხოველების მართვის სისტემასა და ამ მიმართულებით სახელმწიფო უწყებების მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ეფექტიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    პარტიის ინფორმაციით, მხოლოდ თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2026 წლის ბიუჯეტი 11,3 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგიონებისთვის გამოყოფილი თანხა 4,6 მილიონ ლარზე მეტია. „თავისუფლების მოედნის“ განცხადებით, აღნიშნულ თანხებს ემატება მუნიციპალიტეტების დაფინანსება ინტერმუნიციპალური თავშესაფრებისთვის და კერძო კომპანიებთან გაფორმებული სატენდერო შესყიდვები.

    „თანხები სხვადასხვა უწყებას შორის იმდენად გაფანტულია, რომ მათი სრული მოცულობის დასადგენად ცალკე კვლევაა საჭირო“, – ნათქვამია განცხადებაში.

    პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიუსაფარი ცხოველების მართვის ერთიანი, მონაცემებზე დაფუძნებული სისტემა არ არსებობს და საბიუჯეტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებზე იხარჯება.

    „საზოგადოება გამოთქვამს ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის საფუძვლიან ეჭვებს, დასმული კითხვები კი პასუხგაუცემელი რჩება. პასუხების ნაცვლად ვიღებთ საზოგადოების დადანაშაულებას, ცხოველთა დამცველების წინააღმდეგ კამპანიას და პრობლემის გადაბრალებას იმ ადამიანებზე, რომლებიც წლების განმავლობაში საკუთარი სახსრებითა და ძალებით ცდილობენ სახელმწიფოს ფუნქციის შესრულებას“, – აცხადებენ „თავისუფლების მოედანში“.

    პარტიის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ თანხების ათვისების გეგმა არ არის და ის საჯარო პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

    „თავისუფლების მოედანი“ სოლიდარობას უცხადებს ცხოველთა უფლებების დამცველებს და მხარს უჭერს მათ ბრძოლას სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისა და ცხოველთა დაცვის ჰუმანური სისტემის შესაქმნელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

    მსგავსი სტატიები