საზოგადოება
    2026-11-02 | 14:45

    იტალიის ელჩმა Giffoni-ს დელეგაციას უმასპინძლა

    იტალიის ელჩმა Giffoni-ს დელეგაციას უმასპინძლა

    საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ, იტალიის საელჩოში საბავშვო და ახალგაზრდული ფილმების სახელგანთქმული ფესტივალის — Giffoni-ს დელეგაციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალ „თაობაში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.

    საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ წელს უკვე მეცხრედ გაიმართა. ფესტივალის მთავარი მონაწილეები და ჟიურის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 13-18 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებიც საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ ფილმებს თავად აფასებენ.

    ფესტივალი ახალგაზრდებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, შეხვდნენ რეჟისორებს, მსახიობებსა და კინოინდუსტრიის სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს.

    ექვსი საფესტივალო დღის განმავლობაში გაიმართა საკონკურსო კინოჩვენებები, მასტერკლასები და სხვადასხვა შეხვედრა. საკონკურსო პროგრამაში ოთხი იტალიური ფილმი მონაწილეობდა.

    ღონისძიებების მიზანი გამოცდილების გაზიარება და კინემატოგრაფის უნივერსალური ენის მეშვეობით ახალი პერსპექტივებისა და შესაძლებლობების აღმოჩენა იყო.

    Giffoni-ს დელეგაციასთან და მის ხელმძღვანელ დამიანო ლა სალვიასთან შეხვედრისას იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ ახალგაზრდების კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა იმ კავშირების მნიშვნელობას, რომლებიც სხვადასხვა კულტურის, იდეისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლის შედეგად იქმნება.