ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არც არსებულა, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია არ არის - ლევან მაჭავარიანი
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 3 ნოემბერს ევროპელ დიპლომატებს შეხვდებიან.
მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიციას საკუთარი სამოქმედო გეგმა არ გააჩნია და ის, მისი შეფასებით, გადაწყვეტილებებსა და მითითებებს გარედან ელოდება.
„ოპოზიციის სამოქმედო გეგმა არც არსებულა და ეგ არის ყველაზე სამწუხარო, რომ ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია არ არის. ეს არის აგენტურული ქსელი, რომელმაც არც იცის, ხვალ რაზე უნდა ისაუბროს — უნდა მივიდნენ, რომ მორიგი ინსტრუქციები მოისმინონ, როგორ გააგრძელონ მოქმედება.
ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ერთსა და იმავეს ვადევნებთ თვალყურს. როდესაც 2024 წელს არჩევნები ტარდებოდა, ოპოზიცია ქუჩაში არ გასულა, რეგიონებში არ ჩასულა, ხალხთან საუბარი არ დაუწყია. თავიდან ბოლომდე იარეს ქვეყნების დედაქალაქებში და რიგი ქვეყნების დედაქალაქებიდან ჩაუტარეს მათ მთლიანად მთელი წინასაარჩევნო კამპანია.
სხვადასხვა ქვეყნებმა აგზავნეს აქ დელეგაციები, აქციებზე რომ დამდგარიყვნენ, ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებები რომ ეკეთებინათ. აბსოლუტურად არანაირი კონტაქტი არ აქვთ საზოგადოებასთან, აბსოლუტურად არანაირ დღის წესრიგს არ იყალიბებენ თავისთვის და ელოდებიან გარედან რა მითითებას მისცემენ.
სწორედ ამ გარე დავალებებმა დაღუპა ისინი და სავალალო მდგომარეობაში არიან. მათი რეიტინგი ფაქტობრივად განულებულია, ნულთან ძალიან ახლოს არის. ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს IRI-ის კვლევა, რომელიც არც გამოაქვეყნეს, იმდენად შერცხვათ.
რატომ ხდება ეს ყველაფერი? გარე კარნახს და გარე მითითებებს რომ დაუჯერეს, უკაცრავად და, თავიანთ ამომრჩეველს სახეში მანდატები რომ შეაყარეს, ესეც არის ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა, თუ რატომ არიან დღეს ასეთ სავალალო მდგომარეობაში.
ისინი გაშიფრულები არიან და ჩვენი საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ იცის, რომ გარედან იმართებიან და ქართველებს, რა თქმა უნდა, ასეთი პარტიები არ აწყობთ“, — განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპელ დიპლომატებს 3 ნოემბერს შეხვდებიან. ოპოზიციური პარტიების ნაწილის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს 20 ოქტომბერსაც შეხვდნენ.