სათამაშო ბიზნესისთვის ახალი შეღავათების დაწესება საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი სოციალური კატასტროფის დაანონსებაა - ირაკლი კუპრაძე
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აზარტული თამაშების ბიზნესისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, რაც, მისი შეფასებით, ქვეყანაში სოციალურ პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებს.
კუპრაძის თქმით, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი განიხილება, ხელისუფლება პარლამენტში აზარტული თამაშების ბიზნესისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს.
„ივანიშვილმა და „არაქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით შეაპარა, რითაც ბიუჯეტში შესატან თანხებს სხვადასხვა აზარტული თამაშების კომპანიას ჩუქნის. ეს არის სათამაშო ბიზნესი, რომელიც ისევ „არაქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ პირებსა და მათი პოლიტიკური პარტიის შემომწირველებს ეკუთვნით“, – განაცხადა კუპრაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ეს მაჩვენებელი 47 მილიარდი ლარი იყო. კუპრაძის მტკიცებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა ქვეყნის საერთო ბიზნესბრუნვის 35%-ს შეადგენს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლება სათამაშო ბიზნესს შეღავათებს უწესებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები მოუგვარებელია, მათ შორის, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა, სასმელი წყლის მიწოდება და სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
კუპრაძის განცხადებით, აზარტულმა თამაშებმა ასობით ათასი ადამიანი და ოჯახი დააზარალა, რის შედეგადაც მოქალაქეებმა დაკარგეს დანაზოგები, ხელფასები და საცხოვრებელი სახლები.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოზიციით, სათამაშო ბიზნესი და კაზინოების მფლობელები გაცილებით მაღალი გადასახადით უნდა დაიბეგრონ, ვიდრე მოქმედი 20%-იანი განაკვეთია.
კუპრაძემ მაგალითად მოიყვანა ევროპის რამდენიმე ქვეყანა და განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მაჩვენებელი ავსტრიაში 45%-ს, ნიდერლანდებში 37.8%-ს, საბერძნეთში 35%-ს, ხოლო დანიაში 28%-ს შეადგენს.
„ჩვენ, მიუხედავად იმისა, რა პროცესს აწარმოებს ივანიშვილი – აკრძალვის, გაუქმების, ამოძირკვის პროცესს – გავაგრძელებთ მისი ძალადობრივი ხელისუფლების მხილებას და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას. საქართველო არ არის „არაქართული ოცნების“ სალარო, საქართველო საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის და მათ ინტერესებს დაიცავს „ლელო – ძლიერი საქართველო“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის: პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარება იქნება შესაძლებელი.