რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე არსებობს ბარიერი, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია - ირაკლი კობახიძე
დიპლომატიურ ურთიერთობებზე ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, ამ ურთიერთობების აღდგენას, სამწუხაროდ, აქვს კონკრეტული ბარიერი. ეს ბარიერი თუ აღარ იქნება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მზად ვართ საუბრისთვის, მაგრამ დღემდე არსებობს ბარიერი და ეს ბარიერი არის ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტის ოკუპაცია, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
„ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, გავაძლიეროთ ჩვენი კომუნიკაციის არხი. სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, მათ შორის არის სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები, ჰუმანიტარული საკითხები. მინდა გითხრათ, რომ უკვე ძალიან ეფექტურად დაიწყო მუშაობა ბატონმა გიორგი ზურაბიშვილმა და მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. ეს ჩვენი საქმეა, ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფო საქმე, სახელმწიფო მუშაობს და ამ მუშაობას ექნება კონკრეტული პრაქტიკული შედეგები“, — განაცხადა პრემიერმა.