პოლიტიკა
    2026-11-03 | 14:45

    ქვეყანაში ფასების ზრდის კრიზისი გრძელდება, მოქალაქეები კი წლიდან წლამდე ღარიბდებიან - თაზო დათუნაშვილი

    ქვეყანაში ფასების ზრდის კრიზისი გრძელდება, მოქალაქეები კი წლიდან წლამდე ღარიბდებიან - თაზო დათუნაშვილი

    „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის პარალელურად, ფასების ზრდის კრიზისი გრძელდება და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება.

    როგორც დათუნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა. მისივე თქმით, ფასები გაიზარდა როგორც ძირითად პროდუქტებზე, ისე მომსახურებაზე.

    დათუნაშვილის ინფორმაციით, ოქტომბერში დიზელის საწვავი 61%-ით, ბენზინი 37%-ით, საქონლის ხორცი 16%-ით, ქათმის ხორცი 15%-ით, ხოლო პომიდორი 37%-ით გაძვირდა. მისივე განცხადებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდამ 21.9% შეადგინა, საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა კი 17%-ით გაძვირდა.

    „ლელო – ძლიერი საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, დროებით შეამციროს ბენზინზე აქციზის გადასახადი, რომელიც, პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2017 წელს გააორმაგა.

    დათუნაშვილის თქმით, საწვავზე აქციზის შემცირების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს პოლონეთმა, ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, სამხრეთ კორეამ, იტალიამ და სხვა ქვეყნებმა. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი არა მხოლოდ საწვავის ფასის შემცირებას, არამედ სხვა პროდუქტებზე ფასების შემდგომი ზრდის შეჩერებასაც შეუწყობს ხელს.

    „საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ პარტიების აკრძალვისა და ავტორიტარიზმის ფორმირების პარალელურად, ქვეყანაში უმძიმესი კრიზისია. ხელფასები არ იზრდება, ინვესტიციები არ შემოდის, პენსიის ზრდა ფასების მატებას ვერ აბალანსებს და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები წლიდან წლამდე უფრო ღარიბდებიან“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

    მისივე შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ფასების შემცირების დაპირებების გაცემისა და შესაბამისი გამოძიებისა და კომისიების შექმნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ხელისუფლებამ ფასების შემცირება ვერ უზრუნველყო.

    „შემცირებული ფასების ნაცვლად, მოქალაქეებს მხოლოდ რეპრესიებსა და ოპოზიციის განადგურებას სთავაზობენ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

    მსგავსი სტატიები