მივმართავ მათ ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ქვეყნის წინააღმდეგ ძალადობის გამო, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხოელ პოლიტიკოსებს – ყველა მოგატყუებთ, ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში - შალვა პაპუაშვილი
ვინც აღიარებს დანაშაულს ქვეყნის წინაშე და აიღებს პასუხისმგებლობას, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების წაქეზებით საკუთარ ქვეყანას ასეთ ზიანს აღარასდროს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მის მიმართ იქნება ლმობიერი და ჰუმანური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის ორგანიზატორები ლაჩრულად გამოდიან ციხიდან, ციხეში კი მიატოვეს ის ადამიანები, რომლებიც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს ისინი იხდიან სასჯელს.
„ერთი რამ მინდა, ყველას ვუთხრა, ნუ ენდობიან უცხო ძალებს, უცხოელ პოლიტიკოსებს, უცხოელ დიპლომატებსა და უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. რატომ? ხომ ნახეს, როგორ წააქეზეს ძალადობისკენ? 4 ოქტომბერს დაანონსებულ ძალადობას ევროკომისიის პრესსპიკერი მიესალმა. დღემდე ევროკომისიიდან ბოდიში არცერთ წარმომადგენელს არ მოუხდია. დანაშაულისკენ უბიძგეს, შემდეგ კი ციხეში მიატოვეს მრავალწლიანი სასჯელის მოსახდელად.
საბოლოო ჯამში, ერთადერთი, ვინც მათ მხარეს იქნება, საქართველოს სახელმწიფო იქნება. მათ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნებზე პროკურატურა თანხმდება. ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება. ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ - ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ციხეში ჩატოვეს.
ჩვენ მათ ვექცევით როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს, რადგან ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს ციხეში უწევს სასჯელის მოხდა. ამიტომ, ვინც აღიარებს დანაშაულს ქვეყნის წინაშე და აიღებს პასუხისმგებლობას, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების წაქეზებით საკუთარ ქვეყანას ასეთ ზიანს აღარასდროს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მის მიმართ იქნება ლმობიერი და ჰუმანური.
კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, ვინც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ქვეყნის წინააღმდეგ ძალადობის გამო, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხოელ პოლიტიკოსებს – ყველა მოგატყუებთ. ერთადერთი, ვინც თქვენს მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო. ეს დღემდე არაერთხელ დადასტურდა. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, ხოლო საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენ გვერდით იქნება და ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც საკუთარ თავზე აიღებს პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.