პოლიტიკა
    2026-11-05 | 17:06

    საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი საზოგადოების იმ ნაწილის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც საქართველო ევროპულ ოჯახში სურს - ბადრი ჯაფარიძე

    საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი საზოგადოების იმ ნაწილის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც საქართველო ევროპულ ოჯახში სურს - ბადრი ჯაფარიძე

    „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ დასავლური სამყაროსა და საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

    ამის შესახებ ჯაფარიძემ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    მისი თქმით, შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

    „საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენ შორის არის სრული თანხვედრა, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ პარტიების გაუქმების წინააღმდეგ მიმართული. ეს არის დასავლური, თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული პროცესი, ასევე იმ პარტიების წინააღმდეგ, რომლებსაც სურთ, საქართველო ევროპულ ოჯახში იხილონ.

    ეს პროცესი მიმართულია საზოგადოების იმ უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ, რომელსაც სურს, საქართველო იყოს ევროპულ ოჯახში, სუვერენული, ძლიერი და კეთილდღეობით სავსე სახელმწიფო.

    ამ პროცესის შედეგები უკვე უზარმაზარი უარყოფითი ძალის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ საკონსტიტუციო სასამართლო გააფორმებს იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ სურს, ჩვენი სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს.

    სარჩელს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ერთად შევეცადოთ, არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის, დამოუკიდებლობისა და თითოეული მოქალაქისთვის გამოუსწორებელი შედეგების დადგომა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

    მსგავსი სტატიები