სიტყვის გამო ვარ ციხეში! არანაირ მოქმედებას, ქმედებას ან მათ ნაბოდვარ ძალადობასაც კი არ მაბრალებენ! მაბრალებენ, რომ ვლაპარაკობ! - ლევან ხაბეიშვილი
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში ევროკომისიის ანგარიშის გარშემო “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებს ეხმაურება, რომელიც უკანონო პატიმრების საკითხს ეხება.
“უკანასკნელი ვარ მათ შორის, ვინც რეჟიმის უკანონო პატიმრობაშია მაგრამ...
ყელმოღერებით კითხულობენ დღეს ივანიშვილის თოჯინები - ვინ ზის განსხვავებული აზრისთვისო?!
აი მე, მაგალითად, სიტყვის გამო ვარ ციხეში! არანაირ მოქმედებას, ქმედებას ან მათ ნაბოდვარ ძალადობასაც კი არ მაბრალებენ! მაბრალებენ, რომ ვლაპარაკობ! ტელევიზიებში, რომ ვისაუბრე ივანიშვილის რეჟიმი უნდა დასრულდეს-მეთქი, აი ამის გამო ლამის 3 წელი (!) მომისაჯეს! არც ერთ, ხაზს ვუსვამ - არც ერთ მოქმედებას არ მედავებიან! მხოლოდ საუბარს!!!
ბრიტანელი ცდება, გერმანელმა ვერ გაიგო, საფრანგეთი ტყუის, პოლონეთი ცუდია, ამერიკა ტყუილშია - მთელი მსოფლიო იტყუება და მარტო ივანიშვილი, კობახიძე და პაპუაშვილია მართალი! დედამიწაზე მათი თანამოაზრე არ მოიძებნება!
სანაია ამკვიდრებს უხამსობასო - ამბობს ყაველაშვილის და სამხარაძის „პატრონი“... გორდულაძე და ქოც-დეპუტატები არ არიან მოძალადეები - გახარიას წევრს, რომ კოლექტიურად დაესხნენ თავს და ამაღლობელია დამნაშავე?!
500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?!
მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?!
რიჟვაძეს ვინ ესროლა?! ვინ კლავდა?! ვინ დასაჯეს?! თუ არ ესროლეს, მაშინ ვინ აშანტაჟებდა?!
რაიმე პასუხი არსებობს?!
ციხეებში სასაკლაოებს რომ აწყობენ და „გარედან“ შეჰყავთ დასალეწად მათთან დალაგებული ხალხი, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?!
ასეთი უტიფარი, უძარღვო არაფერი მინახავს!” - წერს ლევან ხაბეიშვილი.