საზოგადოება
    2026-11-26 | 10:55

    სახალხო დამცველმა შშმ პირთა დღის ცენტრი მოინახულა

    სახალხო დამცველმა შშმ პირთა დღის ცენტრი მოინახულა

    საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თბილისში არსებული დღის ცენტრი – ა(ა)იპ „კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ მოინახულა, სადაც ამჟამად 53 ზრდასრული შშმ პირი იღებს მომსახურებას, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

    ომბუდსმენის აპარატის ცნობით, სახალხო დამცველმა დაათვალიერა ცენტრის ფიზიკური გარემო, გაესაუბრა თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს, გაეცნო ცენტრის მიერ შეთავაზებულ მრავალფეროვან სარეაბილიტაციო აქტივობებს (ხისა და მეორადი ქაღალდის დამუშავებას, ერგოთერაპიას, თიხაზე მუშაობას, სანთლების დამზადებასა და დეკორაციას და სხვ.).

    მათივე ცნობით, ლევან იოსელიანმა ასევე, განიხილა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით არსებული გამოწვევები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და დასაქმების მნიშვნელობაზე.

    „ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ბენეფიციართა ტრანსპორტირების საკითხი გამოიკვეთა. გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო ზოგიერთ ბენეფიციარს ტრანსპორტში ორ საათზე მეტის გატარება უწევს. ცენტრის თანამშრომელთა შეფასებით, პრობლემას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა ცენტრის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებისთვის ავტობუსის ზოლებით სარგებლობის უფლების მინიჭება.

    აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დღის ცენტრის მიერ ბენეფიციარებისთვის შეთავაზებული საკმაოდ მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობებისა, შესაბამისი ცოდნისა და სპეციალისტების არარსებობის გამო, კომპლექსური ზრუნვისა და ქცევის მართვის საჭიროების მქონე ზრდასრული შშმ პირები დღის ცენტრის მომსახურების მიღმა რჩებიან. გამოწვევას წარმოადგენს შშმ პირთა დასაქმებაც, რომლის იშვიათი შემთხვევები, ძირითადად, პირადი ძალისხმევის შედეგია და დროებით, პროექტულ ხასიათს ატარებს.

    საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს მუშაობას შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სარეაბილიტაციო პროგრამების გაფართოებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე, შესაბამის სერვისებში არსებული გამოწვევების ადგილზე გაცნობას.“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.