პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავა, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავა, მათ შორის ოთხი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 71 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, ერთ კილოგრამზე მეტი „მარიხუანა“, აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მასალები და ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.