პოლიტიკა
    2026-11-26 | 15:09

    პრემიერი USAID-ზე: რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელის გულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით

    პრემიერი USAID-ზე: რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელის გულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით

    რაც გამოქვეყნდა, ეს არის რეალურად კრიმინალის ილუსტრაცია. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მათ შორის, გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ გაყალბდა, სწორედ, USAID-ის ჩართულობით ხმის პარალელური დათვლის შედეგები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც USAID-ის დოკუმენტების გასაჯაროებას შეეხებოდა. 

    მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, მიმართული - საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

    „რაც გამოქვეყნდა, ეს არის რეალურად კრიმინალის ილუსტრაცია. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მათ შორის, გვისაუბრია იმაზე, თუ როგორ გაყალბდა, სწორედ, USAID-ის ჩართულობით ხმის პარალელური დათვლის შედეგები. პირდაპირ USAID-ი იყო ჩართული, სახელებით და გვარებითაც გვისაუბრია, აბსოლუტურად კრიმინალური იყო ეს საქმიანობა. თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო საარჩევნო ადმინისტრაცია, რასაც ასევე მოეფინა ნათელი ამ დოკუმენტებიდან. ეს იყო კრიმინალი. თქვენ გახსოვთ კამპანია „გამჭვირვალობის კანონის“ წინააღმდეგ, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებიდან არ შეიძლებოდა, წამოსულიყო ნეგატიური დაფინანსება. პირდაპირ კრიმინალი დევს ხელის გულზე. რასაც ჩვენ ვამტკიცებდით და რისთვისაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ის პირდაპირ დაიდო ხელის გულზე ამ კრიმინალის ილუსტრირებით, რაც არის პირდაპირ თვალსაჩინო USAID-ის საქმიანობის შემთხვევაში. იმავეს აკეთებდა NED-ი, EED-ი ევროპული ფონდი, სხვა ორგანიზაციები, ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური საქმიანობა, რომელიც იყო მიმართული საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ, ეროვნული დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ჩვენ, ვიდრე USAID-ი გაუქმდებოდა, დავასწარით და მანამდე მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რაც იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი სუვერენიტეტის, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და შეგახსენებთ, რამხელა სამარცხვინო კამპანია დაუპირისპირა ადგილობრივმა აგენტურამ და მათმა პატრონაჟმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია, რუსული კანონი უწოდეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც ემსახურებოდა სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას. 

    ჩვენ, რეალურად, მაშინ ვიბრძოდით მარტო, ქართველ ხალხთან ერთად - ასე ხატოვნად ვიტყოდი ამ ყველაფერს. ჩვენ და ქართველი ხალხი მარტო ვუპირისპირდებოდით ძალიან დიდ ძალას, ეს იყო „დიფ სთეითი“, გლობალური ომის პარტია, რომელიც მაშინ მოქმედებდა, სწორედ, ასეთი ფონდების მეშვეობით, ეს იყო USAID-ი, NED-ი, EED-ი და სხვები, ღია საზოგადოება და ა.შ. ისინი პირდაპირ, ღიად, დაუფარავად და უხეშად უპირისპირდებოდნენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს სუვერენიტეტს. გახსოვთ - მთელი აგენტურა იყო ჩართული, ვგულისხმობ მათ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში, მათ ე.წ. „ენჯეოებს“, რომლებიც სინამდვილეში არიან უცხოური სამთავრობო ორგანიზაციები და ამაში იყვნენ ჩართული მათი სამარცხვინო მედიასაშუალებები, მათ ჰქონდათ გაშლილი მთელი კამპანია, აგიტაცია, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვა,“- აღნიშნა პრემიერმა.