მსოფლიო
არ იქნება მშვიდობა, თუკი არ აღიარებენ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად - ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელმაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
„ეს ისტორიული დღეა! იერუსალიმი ჩვენი იმედების, ჩვენი ოცნებების, ჩვენი ლოცვების ცენტრში იყო 3000 წლის განმავლობაში. იერუსალიმი 3000 წელი იყო ებრაელი ხალხის დედაქალაქი. ზუსტად აქ დადიოდნენ ჩვენი წინაპრები, იდგა ჩვენი ტაძარი, მართავდნენ ჩვენი მეფეები, მოძღვრავდნენ ჩვენი წინასწარმეტყველნი. ათასობით წლის განმავლობაში ებრაელთა თაობები ამბობდნენ ლოცვაში „მომდევნო წელს იერუსალიმში“. ბაბილონის მდინარის პირას, ვარშავის გეტოს კედლებში ყოველი თაობა ტიროდა და ოცნებობდა სიონზე.
ბატონო პრეზიდენტო, ისტორია და ებრაელი ხალხი ყოველთვის დაიმახსოვრებენ დღეს თქვენ მიერ მიღებულ მამაც გადაწყვეტილებას. პრეზიდენტო ტრამპო, ჩვენ მადლობელი ვართ სამართლიანი და მამაცური გადაწყვეტილებისთვის, რომ აღიარეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და დაიწყეთ მზადება, რომ აქ გაისნას აშშ-ის საელჩო. მადლობა“, -განაცხადა ნეთანიაჰუმ.
სამადლობელო ვიდეო მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ის საელჩოს გადატანა იერუსალიმში არ გახდება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღრმავების მიზეზი, არამედ პირიქით, ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის დამყარებას, რადგან ყველას რეალობაში დააბრუნებს.
„ჩვეულებრივი ჭეშმარტება და რეალობა ასეთია: არ იქნება მშვიდობა, თუკი არ აღიარებენ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ სახელმწიფო გააგრძელებს სტატუს-კვოს შენარჩუნებას იერუსალიმში და დაიცავს რწმენის თავისუფლებას ყველა რელიგიისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ და გავუწოდებთ მშვიდობის ხელს პალესტინელებსა და ჩვენს მეზობლებს“,- თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მან მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, მიბაძონ აშშ-ის მაგალითს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საპროტესტო ტალღა მთელ მსოფლიოში.
ტრამპმა ასევე გასცა ბრძანება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს აშშ-ის საელჩოს გადატანის პროცესი თელ-ავივიდან იერუსალიმში. აშშ-ის პრეზიდენტმა ამას უწოდა „ნაბიჯი სამშვიდობო პროცესების წინ წაწევისთვის“ ისრაელსა და პალესტინელებს შორის.
იერუსალიმის დიპლომატიური სტატუსისა და აშშ-ის საელჩოს ადგილმდებარეობის შეცვლით ტრამპმა შეასრულა კონგრესისი მიერ 1995 წელს აღებული ვალდებულება, ე.წ. „იერუსალიმის საელჩოს აქტი“, რომელიც ავალდებუებს ფედერალურ ხელისუფლებას, გადაიტანოს თავისი საელჩო წმინდა ქალაქში.
ანა მებურიშვილი