პოლიტიკა
პარლამენტში ხუთი დეპუტატიც არაა, ვინც ჩემი გადაყენების ინიციატივით გამოვა - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში ხუთი დეპუტატი არ არის, ვინც მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს.
„ფორმალურად, ამ პროცესის დაწყებას 50 დეპუტატის ინიციატავა სჭირდება, თუმცა დღეს პარლამენტში არც 50 და არც ხუთი დეპუტატი არ არის, ვინც ასეთ ინიციატივას დააყენებს. ეს არის დღევანდელი რეალობა. თუკი რაიმეს დავაშავებ, შეიძლება ასეთი საკითხი დადგეს“, -უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ინფორმაცია უმრავლესობაში არსებული დაპირისპირების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო მმართველი გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ფოფხაძის განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და თქვა, რომ დეპუტატმა „საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა თავის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემის სპეკულირების ფონზე“.
ირაკლი კობახიძის განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატ დავით ჭიჭინაძისთვის, რომელმაც არ გამორიცხა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება.